ლევან მურუსიძე - კორუფცია შირმაა სანქციის დაწესებისთვის, ძირითადი მიზანია სასამართლო სისტემაზე ზეგავლენა, არავინ დაიჯერებს, რომ ბრიტანეთი შეწუხუდა მურუსიძის კორუფციით, ესკობარი ხომ არ ვარ
დიდი ბრიტანეთი იმაზე შეწუხდეს, რომ მურუსიძე კორუმპირებულია, ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს, თან კორუფციის ერთი ფაქტიც არ არის ნახსენეები, – ამის შესახებ პირველ არხს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განუცხადა.
„ელემენტარულ ლოგიკას რომ მივყვეთ, დიდი ბრიტანეთი ლევან მურუსიძის კორუფციიის მდგომარეობით ნამდვილად არ შეწუხდებოდა, როცა ამდენი პრობლემებია მსოფლიოში და დიდ ბრიტანეთში. აქ კორუფცია არის უბრალოდ შირმა და საბაბი სანქციის დაწესების, ძირითადი მიზანი კი არის სასამართლო სისტემაზე ზეგავლენის მოხდენა. რეალურად, ფიქრობენ, რომ თუ სასამართლო სისტემა იქნება ხელში ჩაგდებული და მოსამართლეები – დაშინებულები, მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება იმ პოლიტიკას, რომლის გატარებაც მათ სურთ, სხვა ახსნა აქ არ არის. დიდი ბრიტანეთი იმაზე შეწუხდეს, რომ მურუსიძე კორუმპირებულია, ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს, თან კორუფციის ერთი ფაქტიც არ არის ნახსენეები. სასამართლოზე კონტროლი უნდათ, რადგან, მაგალითად, რუმინეთი ავიღოთ, სადაც არ მოეწონათ ის გამარჯვებული კანდიდატი, ვინც არჩევნები მოიგო პირველ ტურში და სასამართლოს მეშვეობით გააუქმეს არჩევნები. იგივე ბერკეტები უნდათ, პოლიტიკაზე ზემოქმედება რომ მოახდინონ, მათ თავიანთი მიზნები და ინტერესები აქვთ, რა არის აქ გაუგებარი? წარმოგიდგენიათ, ამხელა სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი, ამხელა პრობლემები აქვს თავად ევროპაში და მურუსიძის კორუფციით ინტერესდებიან. ეს ხომ ბავშვური გულუბრყვილობაა, იფიქრო, იმდენად ზრუნავენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი შეწუხებულია მურუსიძის კორუფციით, რომ დიდი ბრიტანეთი, რომელიც ჩვენი მეგობარია, დაგვიდგა გვერდში და მურუსიძეს ასანქცირებს კორუფციის გამო“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს.
„ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის სუვერინეტეტს, სასამართლოს, ამაზე ისინი არ ფიქრობენ. მუდმივი ინტერესებია ხელის ფათური და პოლიტიკა ჩვენი საზღვრიდან გამომდინარე, სადაც ვართ, და გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველო ამ კუთხით თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია. ფიქრობენ, რომ სასამართლოს ბერკეტების ხელში დაჭერით, გავლენას მოახდენენ ქვეყანაში პოლიტიკაზე და ქვეყანაზე. რა ლევან მურუსიძის კორუფცია, ქვეყანაში იმდენი ეყოლებათ კორუმპირებული სადევარი. ასანქცირებ უცხო ქვეყნის მოსამართლეს ისე, რომ არანაირ ფაქტს არ ასახელებ, ყველასთვის ნათელია, რომ აქ კორუფციაზე არ არის საუბარი. ეს ყველაფერი ჰაერიდან მოტანილი თემებია. არავინ დაიჯერებს, რომ ბრიტანეთი იმდენად გულმხურვალედ უჭერს მხარს საქართველოს, რომ ასე იქცევა და შეწუხუდა მურუსიძის კორუფციით. ესკობარი ხომ არ ვარ, დიდ ბრიტანეთში კოკაინი ხომ არ გადამქონდა?! აბსურდულია ეს ყველაფერი. გასაგებია ეს ყველაფერი, მედგრად უნდა დავდგე. ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ფინანსურად ეს მე ვერ დამაზიანებს, არავითარი ბიზნესი და უძრავი ქონება მე არ მაქვს, მით უმეტეს, უცხოეთში. ვიღებ ამ მოცემულობას და ვეცდები, ღირსეულად შევხვდე ამ ყველაფერს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა.