ლევან მურუსიძე - იმედი მაქვს, როგორც მართლმსაჯულების რეფორმის პირველი სამი ტალღა, ასევე მეოთხე ტალღაც დადებითად წაადგება სასამართლოს
ლევან მურუსიძე - იმედი მაქვს, როგორც მართლმსაჯულების რეფორმის პირველი სამი ტალღა, ასევე მეოთხე ტალღაც დადებითად წაადგება სასამართლოს

მინდა მქონდეს იმედი, რომ როგორც მართლმსაჯულების რეფორმის პირველი სამი ტალღა, ასევე მეოთხე ტალღაც დადებითად წაადგება სასამართლოს, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება.

მურუსიძის თქმით, წინა სამი ტალღის შედეგად ისეთი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც დაეტყო სასამართლოს მუშაობას და პოზიტიურად აისახა.

„არის საკითხები, რაზეც ჩვენ აბსოლუტურად მთლიანად შევჯერდით. ეს ეხება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობდით და კონსენსუსამდე ვართ მისული. დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, ვიხილავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში განსახორციელებელ ცვლილებებს და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მიმართებაში განსახორციელებელ ცვლილებებს. არის საკითხები, რაზეც შეჯერებულები ვართ. ასევე არის საკითხები, რაზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი.

ჩემი სურვილია, რომ რაღაც პერიოდში შევძლოთ და ამ კანონის ფარგლებში, რაც მიღებული იქნება, სასამართლოს მიეცეს პერიოდი მუშაობისთვის, რომ საზოგადოებაც დააკვირდეს, რა შედეგი იქნა მიღებული.

რეფორმიდან რეფორმამდე უნდა მიეცეს საშუალება სასამართლოს, გატარებული რეფორმით იმუშაოს. მერე გადავხედოთ, სწორი იყო თუ არა ეს რეფორმა, რა არის გამოსასწორებელი და ა.შ. დავაკვირდეთ ერთი-ორი წელი. მინდა მქონდეს იმედი, რომ როგორც პირველი სამი ტალღა, ასევე მეოთხე ტალღაც დადებითად წაადგება სასამართლოს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, საბოლოო ჯამში ეს მაინც პარლამენტის გადასაწყვეტია, მაგრამ სასამართლო ხელისუფლება გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს. რა კანონსაც მიიღებს პარლამენტი, იმ კანონით ვიმუშავებთ”, – განაცხადა მურუსიძემ.

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა.

„დაკონკრეტება ხდება და არ იქნება ზოგადი ჩანაწერები მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაში შეიძლება მოსამართლის ქმედება ჩაითვალოს გადაცდომად, ინსპექტორის როლი განისაზღვრება უფრო ნათლად და ა.შ. ვფიქრობ, ეს კანონი შეიძლება სასამართლოს დადებითად წაადგეს”,- განაცხადა მურუსიძემ.

როგორც მურუსიძე აცხადებს, მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემაზე მუშაობენ.

„საქართველო ევროპის ქვეყნებთან არის ბოლო ადგილზე მოსამართლეების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. იყო კვლევა, რომლის მიხედვითაც, 100 მოსამართლის დამატება მაინც არის საჭირო. 100 მოსამართლეს ასეთი პატარა ქვეყნისთვის, წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს. გადატვირთულობის პრობლემაზე ვმუშაობთ, მაგრამ უნდა იყოს შტატები და მოსამართლეების რაოდენობა, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს”, – აცხადებს მურუსიძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.