ლევან მურუსიძე - ბესო ალავიძეს სურს, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, ეს დაემთხვა არასამთავრობოების პოზიციას, რომ გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის
ლევან მურუსიძე - ბესო ალავიძეს სურს, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, ეს დაემთხვა არასამთავრობოების პოზიციას, რომ გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის

ჩემი მონაცემებით, ბესო ალავიძეს სურს რა, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, დაემთხვა ეს არასამთავრობოების პოზიციას, რომ მათ სურთ გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის, ფაქტობრივად ცდილობენ, გამოიყენონ ბესო ალავიძე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მურუსიძის თქმით, ბესო ალავიძის განცხადებები აბსურდულია.

„ვერ დაგეხმარებით იმაში, რომ ეს თემა გახდეს სკანდალური, ვინაიდან აბსოლუტურად არის აბსურდული. ბესო ალავიძემ სხვადასხვა დროს პროკურატურაში მისცა ჩვენება, როდესაც ამბობს, საიდან იცოდა მურუსიძემ ეს ჩვენებაო, პროკურატურის განცხადება იყო, იქ აცხადებენ, რომ დაიკითხნენ მოსამართლეები, განაცხადეს, რომ მათ მიმართ არა მარტო „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არამედ არც ერთ საქმეზე ზეწოლა არ ყოფილა. ადამიანი, რომელიც პროკურატურას აძლევს ჩვენებას, ე.ი. ცრუ ჩვენება მისცა? კიდევ იყო მისი განცხადება ერთ-ერთ სააგენტოსთან, ზეწოლა რომ ყოფილიყო ვინმე დამიშლიდა და ამას არ ვიტყოდიო? ასევე, არსებობს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის განცხადება, სადაც აწერენ ხელს და ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე და ზოგადად მათზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. როდესაც სასამართლოში არ დაინიშნა პიროვნება, წელიწად-ნახევარი, მერე ასეთ აბსურდს ანუ ცრუ ჩვენებას აძლევდა პროკურატურას, თავის პასუხისმგებლობას არ გრძნობს ამაში“, – განაცხადა მურუსიძემ.