ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან იუსტიციის საბჭოს წევრების გადადგომაზე საუბარი საღ აზრს მოკლებულია
ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან იუსტიციის საბჭოს წევრების გადადგომაზე საუბარი საღ აზრს მოკლებულია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან იუსტიციის საბჭოს წევრების გადადგომაზე საუბარი საღ აზრს მოკლებულია.

მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მისულ ლევან მურუსიძეს სასტუმრო „რედისონთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეძახილებით დახვდნენ.

თავად მურუსიძე, რომელიც სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში „მოსამართლეთა ასოციაციის“ კვოტით მონაწილეობს, ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, თუმცა არასამათავრობო სექტორი სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა გადადგომას არ უნდა ითხოვდეს.

„შეიძლება გამოაცხადონ უნდობლობა, შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია, ასევე თითოეული მოსამართლისა და რაღაც მოვლენების მიმართ, მაგრამ ის, რომ არასამთავრობო სექტორი ითხოვდეს, გადადგეს სასამართლო ხელისუფლება, ეს არ ჯდება არც კონსტიტუციაში, არც კანონში. ეს საღ აზრს მოკლებულია“, – განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, მურუსიძე ამბობს, რომ მას აქვს კონკრეტული მოსაზრებები კრიტერიუმების დადგენასთან დაკავშირებით, თუმცა თავდაპირველად სხვადასხვა მხარეთა პოზიციების მოსმენას აპირებს.

„წინასწარ აქ ჩემი წინადადებებით ნამდვილად არ მოვსულვარ. მოვედი, რათა მოვუსმინო ყველა მხარეს და რაც რაცინალური და სწორი იქნება სასამართლოსა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმას დავუჭერ მხარს. კი მაქვს ჩემი პოზიციები, მაგრამ მინდა, მოვისმინო. ყველას გავეცნობი და იმის მიხედვით მექნება ჩემი პოზიცია“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. განხილვის პროცესს პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.