ლევან მურუსიძე - აბსურდია იმაზე საუბარი, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი
აბსურდია იმაზე საუბარი, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა რიგგარეშე 26-ე კონფერენციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მურუსიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზეც ისაუბრა.
„ვისაც სურს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს, მოვუწოდებ, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყონ და ნუ შეუშლიან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს თემა და ვთქვათ, ვინ არიან ამ კლანის წევრები. გასაგებია, რომ მე „კლანში ვარ“, მაგრამ სხვა მოსამართლეებს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას.
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს რომ არის, ასეთი არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში და ასეთი ლანძღვაც არ ყოფილა არასდროს. თუ არის კლანზე საუბარი, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვწეროთ ეს სია. ეს ხომ აბსურდია, მაგრამ პოლიტიკოსები თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ სასამართლოს“, – განაცხადა მურუსიძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას და ზოგადად პროცესს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პირველი პროცესი, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კარგი.
„საბოლოო ჯამში, ეს არის პარლამენტის შესაფასებელი და გადასაწყვეტი“, – განაცხადა მურუსიძემ.
უშუალოდ სიის კანდიდატებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მურუსიძემ განაცხადა, რომ „ზოგიერთი ადამიანი ახალი ფურცლიდან იწყებს, ზოგიერთი თავისი წარსულიდან“.
„მე მივესალმები, რომ ასეთი კრიტიკული შეკითხვები ისმება კანდიდატების მიმართ. საბოლოოდ, პარლამენტი შეაფასებს, რამდენად ადეკვატური პასუხები გასცეს კანდიდატებმა“, – განაცხადა მურუსიძემ.