ლევან მოსეშვილი – „ვიზეარის“ ბაზას საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს
ავიაკომპანია „ვიზეარი“ დღეს საქართველოს საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და ამ შედეგში ქუთაისის ბაზას თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლის დაბადებისა და „ვიზეარის“ ბაზის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის კარიბჭე, რომელიც იმერეთს მსოფლიოსთან აკავშირებს და რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სწორედ ამ განვითარების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, „ვიზეარს““, – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
მისი თქმით, ზუსტად 14 წლის წინ W„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი შეასრულა, ოთხი წლის შემდეგ კი, 2016 წელს, ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზა გაიხსნა.
„ეს უკვე მხოლოდ ახალი ავიამიმართულებების დამატება აღარ იყო. ეს იყო განვითარების ახალი ეტაპი როგორც აეროპორტისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. ბაზის გახსნამ ქუთაისში ავიაკომპანიის მუდმივი ოპერირების ახალი შესაძლებლობა შექმნა, რასაც თან მოჰყვა ახალი მიმართულებები, ფრენების სიხშირის ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაძლებლობები.
ერთი ბაზირებული საჰაერო ხომალდით დაწყებული ისტორია დღეს უკვე ოთხ ბაზირებულ საჰაერო ხომალდამდე მოვიდა. ამ ათი წლის განმავლობაში „ვიზეარის“ ბაზა ქუთაისის აეროპორტის ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად იქცა. ამ თანამშრომლობის შედეგი მხოლოდ მგზავრთა რაოდენობასა და მიმართულებების ზრდაში არ ჩანს. ეს არის ადამიანებიც, რომლებმაც ავიაციის სექტორში მუშაობის შესაძლებლობა მიიღეს, ახალი პროფესიული გამოცდილება შეიძინეს და ამ ინდუსტრიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
ამიტომ, „ვიზეარის“ ბაზის 10 წლის იუბილე ჩვენთვის მხოლოდ ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანი თარიღი არ არის. ეს არის ქუთაისის აეროპორტის განვითარების ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. და ამ პარტნიორობის მასშტაბს კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, „ვიზეარი“ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარზე მგზავრთა რაოდენობის მიხედვით ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.