ლევან მოსეშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია EasyJet-ი ფრენებს იწყებს ჩვენს დედაქალაქში ერთდროულად სამი მიმართულებით, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირით
ლევან მოსეშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია EasyJet-ი ფრენებს იწყებს ჩვენს დედაქალაქში ერთდროულად სამი მიმართულებით, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირით

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet-ი დღეიდან ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან და მილანიდან დაიწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, British Airways-ის შემდეგ მეორე ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა სწორი საავიაციო პოლიტიკის აღიარებაა.

„მოხარული ვართ, რომ უკვე მეორე ბრიტანული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას ჩვენს ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს არის ჩვენი სწორი საავიაციო პოლიტიკის აღიარება. ავიაკომპანია EasyJet-ი ერთდროულად სამი მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირით. რაც მთავარია, საქართველო უკვე დაუკავშირდა შვეიცარიას უმოკლესი მარშრუტით, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისთვის შვეიცარიელი მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის გათვალისწინებით.

ასევე, მნიშვნელოვანია ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი, სადაც ჩვენ უკვე British Airways-თან და EasyJet-თან ერთად, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირე გვექნება. აღსანიშნავია მილანი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის და, Georgian Airways-თან ერთად, ამ მიმართულებით დღეიდან უკვე EasyJet-იც შეასრულებს ფრენებს“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია EasyJet-ი 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისთვის 35 ქვეყნის 1 000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. პირველი ისტორიული ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟენევიდან ავიაკომპანიამ გუშინ საღამოს შეასრულა.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.