ლევან მოსეშვილი - „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის ცხრა ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასრულებს
ლევან მოსეშვილი - „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის ცხრა ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასრულებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის ცხრა ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასრულებს , – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

როგორც მოსეშვილმა აღნიშნა, ორ დღეში თბილისი პირდაპირი საჰაერო გზით რომს დაუკავშირდება, ჯამურად კი „ჯორჯიან ეარვეისი“ იტალიის სამი ქალაქის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით იფრენს.

„ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ჩვენს ბაზარზე ეტაპობრივად ოპერირება დაიწყეს British Airways-მა, easyJet-მა, შვეიცარიულმა Edelweiss-მა და ფრანგულ-ჰოლანდიურმა Transavia France-მა. ივნისიდან კი მათ რიცხვს Air Serbia შეუერთდება. ასევე, ლიონის მიმართულებით დაიწყება ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ამ ფონზე განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართული ავიაკომპანიის, „ჯორჯიან ეარვეისის“ კიდევ უფრო გააქტიურება. ორი ახალი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ, კვირაში 1 სიხშირით, ავიაკომპანია დღეიდან პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის სამედიცინო კურორტის, ფორლის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 26 აპრილიდან თბილისი კვირაში ორი სიხშირით რომს დაუკავშირდება.

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ამ ეტაპზე უკვე ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ცნობისთვის, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.

თბილისი-ფორლი-თბილისის რეისის საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ლებანესე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-სა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპაცენტრებს.

26 აპრილიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს. ავიაკომპანია ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც მგზავრებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია“, – წერს აეროპორტებს გაერთიანება.