ლევან მოსეშვილი - ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს ავიაბაზრით Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიები Brussels Airlines-ი და Swiss-ი დავაინტერესოთ
ლევან მოსეშვილი - ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს ავიაბაზრით Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიები Brussels Airlines-ი და Swiss-ი დავაინტერესოთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის რეგიონულ მენეჯერს, კარსტენ ცანგს შეხვდა.

აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რამდენიმე დღის წინ საქართველოს ავიაბაზარზე Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიის, Edelweiss-ის შემოსვლის საკითხს და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო დეტალებს. მხარეებმა ასევე განიხილეს Lufthansa Group-ში შემავალი სხვა ავიაკომპანიების საქართველოში შემოსვლის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

„ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენს ბაზარზე შვეიცარიულმა Edelweiss-მა დაიწყო ოპერირება. ავიაკომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ავიაკომპანიების მხრიდან ინტერესი მზარდია. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს ავიაბაზრით Lufthansa Group-ში შემავალი ისეთი ავიაკომპანიები დავაინტერესოთ, როგორებიცაა Brussels Airlines-ი და SWISS-ი, რითიც გლობალური საავიაციო ჯგუფი Luftansa თითქმის სრულად იქნება წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიებია: Lufthansa, Eurowings-ი, Austrian Airlines-ი, Edelweiss-ი, Swiss-ი, Bruselss Airline-ი, ITA Airways-ი, საიდანაც ოთხი უკვე საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს.

„Edelweiss-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოსვლით LUFTHANSA GROUP-ი საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდება და ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ჩვენი გლობალური საავიაციო ჯგუფის უკვე მეოთხე ავიაკომპანია ოპერირებს“, – განაცხადა კარსტენ ცანგმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე საქართველოს ავიაბაზარზე Lufthansa Group-ში შემავალი ხუთი ავიაკომპანია ჯამურად 13 სიხშირით ოპერირებს, ზაფხულის სეზონზე კი ფრენების რაოდენობა კვირაში 20 გახდება.