ლევან მოსეშვილი - ბრატისლავის მიმართულების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით
Wizz Air-თან თანამშრომლობა წლიდან წლამდე ძლიერდება, რაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრატისლავის მიმართულების დამატება შესაძლებელი გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად.
„ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა წლიდან წლამდე ძლიერდება, რაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. ბრატისლავა თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპის შუაგულში, ბუნებრივად იქცევა რეგიონული მიმოსვლის მნიშვნელოვან ჰაბად. ქალაქი დაახლოებით 1 საათის სავალზეა ვენასთან და გამორჩეულად მარტივ კავშირს ქმნის ცენტრალური ევროპის სხვა უმნიშვნელოვანეს ქალაქებთანაც. სწორედ ეს გეოგრაფიული უპირატესობა აძლიერებს ბრატისლავის მნიშვნელობას როგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას, ისე თანამედროვე ავიაკავშირის სტრატეგიულ ცენტრს“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ცნობისთვის, 2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება – ბრატისლავა ემატება. ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავის მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.