ლევან მიქაბერიძე - საქმიანობაში ჩარევის მცდელობის შემთხვევაში, გამოვიყენებ იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომლებიც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს
ლევან მიქაბერიძე - საქმიანობაში ჩარევის მცდელობის შემთხვევაში, გამოვიყენებ იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომლებიც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს

საქმიანობაში ჩარევის მცდელობისას, გამოვიყენებ იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომლებიც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს,-ასე უპასუხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან მიქაბერიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვას – „ვინმემ რომ მოინდომოს თქვენს საქმიანობაში ჩარევა, თქვენს წარმოებაში არსებულ საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაში ჩარევის მცდელობა რომ ჰქონდეს, როგორ დაიცავთ საკუთარ დამოუკიდებლობას“

ლევან მიქაბერიძის თქმით, ამგვარი ფაქტის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარეს აცნობებდა.

„ამგვარი მცდელობის არსებობის პირობებში, ბუნებრივია, გამოვიყენებ იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომელიც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს. არსებობს საკონსტიტუციო ჩანაწერი, დებულება, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამართლის საქმიანობაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ამასთან ერთად არსებობს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესი, ამგვარი მცდელობის არსებობის პირობებში ერთი, რასაც გავაკეთებდი აუცილებლად იქნებოდა ის, რომ საქმის კურსში ჩავაყენებდი სასამართლოს თავმჯდომარეს, მოვახსენებდი საქმის ფაქტობრივ მოცემულობას და თუკი დადგინდებოდა, რომ კომუნიკაციის წესის დარღვევას ჰქონდა ადგილი“ ალბათ, კანონით დადგენილი წესით მისცემდნენ მსვლელობას“,-აღნიშნა ლევან მიქაბერიძემ.

ამასთან, კითხვაზე, კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ სასამართლო ხელისუფლებას ინსტიტუციურად რა გარანტიები შეუქმნა, მიქაბერიძემ განაცხადა, რომ ახალი რედაქციით კონსტიტუციის ჩამოყალიბების პირობებში  სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის მექანიზმები გაიზარდა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ მაგალითად, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია აღარ შეიძლება გახდეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. ვფიქრობ, ეს არსებითად, პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი სამართლებრივი გარანტიაა, რათა მოსამართლემ თავი იგრძნოს დამოუკიდებლად და მან სრულყოფილად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ნებისმიერი წინაღობების მიუხედავად სამოსამართლო უფლებამოსილება  ღირსეულად განახორციელოს. მოსამართლეთა გარანტიის თვალსაზრისით, ერთ-ერთი და, ალბათ, მნიშვნელოვანიც, ზოგადად,  კონსტიტუციური ჩანაწერით მუდმივად დანიშვნის საკითხია“,-განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან მიქაბერიძემ.

პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს დეპუტატების კითხვებს ლევან მიქაბერიძე პასუხობს. ლევან მიქაბერიძე 2011-2012 წლებში  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სექტორის უფროსი იყო. 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.