ლევან მგალობლიშვილი - საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის
საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ლევან მგალობლიშვილი ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკური კურსისა და პროცესში აფხაზეთის საკითხის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ ჩვენ მთავარ ამოცანად კვლავ რჩება აფხაზ დებსა და ძმებთან ერთად ევროკავშირში შესვლა, ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით, და რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ. ასევე, სრული თანადგომა გამოხატა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
ლევან მგალობლიშვილმა ანა მარია შიკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც უნგრეთი საქართველოს მიმართ იჩენს.