ლევან მახაშვილი - ყველა პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ იგივე უნდა გააკეთოს, რაც ბუნდესტაგში ხდება, გაარკვიონ, რაში იხარჯება მათი მოსახლეობის ფული
ლევან მახაშვილი - ყველა პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ იგივე უნდა გააკეთოს, რაც ბუნდესტაგში ხდება, გაარკვიონ, რაში იხარჯება მათი მოსახლეობის ფული

ყველა პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ იგივე უნდა გააკეთოს, გერმანიაშიც და სხვაგანაც. იმ ქვეყნების, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ, ინტერესი უნდა იყოს, რაში იხარჯება ეს ფული და ემსახურება თუ არა მათი მოსახლეობის ინტერესებს? – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა გაარკვიოს, ის თანხები, რომლების საქართველოში შემოდის, რა ინტერესებს ემსახურება.

„ჩვენთან კითხვები აღარ არსებობს, თუ რატომ შემოდის ეს ფული, სად და როგორ იხარჯება. იმედია, გერმანელები ამ საკითხებს გაარკვევენ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით. გერმანიაში ეს საკითხი უნდა შეისწავლონ. სამწუხაროდ, წინა შემთხვევაში, მთავრობამ ამ კითხვებს გვერდი ისე შემოუარა, რომ კითხვებზე პასუხები არ გაეცა. ეს ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას დაუმალა, არამედ გერმანელ ხალხს, თუ სად ხარჯავენ ფულს. ეს მაშინ, როცა გერმანია სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. იმის ნაცვლად, რომ ფულს ყაირათიანად და მიზნობრივად ხარჯავდნენ, ვხედავთ, ფული რაში იხარჯება. ვისურვებდი, ისიც შეისწავლონ, მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა როგორ იქცევა საქართველოში“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ბუნდესტაგში ოპოზიციური ფრაქცია „ალტერნატივა გერმანიისთვის” გერმანიის მთავრობას მიმართავს კითხვებით, რომლებიც, მათ შორის, საქართველოში LGBTIQ-სა და გენდერის თემატიკის დაფინანსებას ეხება.