ლევან მახაშვილი - ვინმემ დიალოგი თუ გაყინა და პატარა ბავშვივით მაგიდიდან გარბის, ის პოლიტიკოსები არიან, რომელთა განცხადებებიც ევროსაბჭოდან მოვისმინეთ
ლევან მახაშვილი - ვინმემ დიალოგი თუ გაყინა და პატარა ბავშვივით მაგიდიდან გარბის, ის პოლიტიკოსები არიან, რომელთა განცხადებებიც ევროსაბჭოდან მოვისმინეთ

ენას ძვალი არა აქვს და შეუძლიათ, მსგავსი ტიპის მოწოდებები გააგრძელონ, მით უმეტეს, იმ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ იყვნენ ჩართული არჩევნების ჩაშლაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანელი დეპუტის განცხადებაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს უკუსვლა ავტორიტარიზმისაკენ“.

მისი თქმით, მათი ინტერესი საქართველოში ნორმალური და მშვიდობიანი გარემო არ არის.

„მათი ინტერესი რადიკალური ძალების ხელისუფლებაში მოყვანაა. მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალები, რომელთა მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი რადიკალური ძალის ხელისუფლებაში მოყვანაა, კვლავ გააგრძელებენ ამ ტიპის განცხადებებს. თუ გულწრფელი ინტერესია, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებთან იმ თემებზე ვითანამშრომლოთ, რომელიც რეალური პრობლემაა ქვეყანაში და საზოგადოებას აღელვებს. როცა ამ თემების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ხდება, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები მიუღებელია. ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიკლია, რომ მათ შორის ამ ადამიანებისთვის დიალოგის ხელი გაგვეწოდებინა. თუ ვინმემ დიალოგი გაყინა და პატარა ბავშვივით მაგიდიდან გარბის, ის პოლიტიკოსები არიან, რომელთა განცხადებებიც გუშინ მოვისმინეთ. დიალოგისთვის მზად ვართ, ოღონდ, არ უნდა იყოს შანტაჟი, იძულებით ენა და ძლიერის პოზიციიდან ხელების ბრახუნი, არამედ უნდა დავსხდეთ და შევხედოთ, რა არის მათი ლეგიტიმური და ჩვენი ლეგიტიმური კითხვები და შევეცადოთ, ის პრობლემები, რაც ჩვენს შორის ურთიერთობებს აფერხებს, დავარეგულიროთ. თუ ვინმემ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები, ალბათ, ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებს დღემდე არ აღიარებენ. ამიტომ, სანამ ამ მიდგომით გააგრძელებენ, ჩვენი მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა რთული იქნება“, – განაცხადა მახაშვილმა.