ლევან მახაშვილი – ელჩებმა ყველაზე კარგად იციან, რა გამოწვევის წინაშეა საქართველო და რა სიმძიმე გაიარა ოთხი წლის განმავლობაში, რომ რუსეთის სამხედრო ხახაში არ აღმოჩენილიყო
ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეიძლებოდა გაეკეთებინა ოკუპაციის პირობებში მყოფ ქვეყანას უკრაინისა და უკრაინელების დაახმარებლად, მათი გვერდში დგომისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები გულწრფელები რომ იყვნენ, საქართველო ამ ქვეყნებისგან მადლობის გარდა არაფერს იმსახურებს.
„სანქციებზე მიერთებაზე ნებისმიერი საუბარი ან მოწოდება წმინდა წყლის სპეკულაციაა და უადგილოა, მით უმეტეს, ამ ელჩებისგან, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რა კონტექსტია საქართველოში, რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო და რა სიმძიმე გაიარა ოთხი წლის განმავლობაში, რომ რუსეთის სამხედრო ხახაში არ აღმოჩენილიყო. დასანანია, რომ ეს ელჩები აღნიშნულ თემაზე სპეკულირებენ. ჩვენთვის სანქციების დაწესება უბრალოდ ეკონონიკური აქტი, რიგითი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენი ათწლეულობის გამოცდილების გათვალისწინებით სანქცია პირდაპირ ესკალაციაზე წასვლაა. ფაქტობრივად, ეს არის ეკონომიკური ომის გამოცხადება რუსეთისთვის. ასეთმა მავნებლურმა გადაწყვეტილებამ რა მოიტანა, წარსულში გვახსოვს. ჩვენ არ გვინდა, რომ გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩათრეული ავღმოჩნდეთ. ამიტომ, რამდენადაც შეგვიძლია, უკრაინელებს მხარს ვუჭერთ და, მეორე მხრივ, ამოსავალი წერტილია, რომ ეს ნაბიჯები ისეთ შედეგებში არ გადაიზარდოს, რომელიც შეუძლებელი იქნება, რომ უკან მოვაბრუნოთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია: მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას.