ლევან მახაშვილი - თამარ ტალიაშვილს საქართველოსა და აშშ-ში მიმდინარე მოვლენებზე სიღრმისეული ცოდნა აქვს, რაც გამოადგება, იყოს ერთგვარი შუამავალი ქვეყნის ხელისუფლებასა და ახალ ადმინისტრაციას შორის
თამარ ტალიაშვილს აქვს სიღრმისეული ცოდნა როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ძალიან გამოადგება, რომ გადავტვირთოთ ორმხრივი ურთიერთობები, იყოს ერთგვარი შუამავალი საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის პრეზიდენტს, ახალ ადმინისტრაციას შორის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ეს ურთიერთობები გვინდა კონკრეტული რაღაცებისთვის, კონკრეტული დღის წესრიგით, კონკრეტული ხედვით და რომ ეს ურთიერთობები უკეთესი მომავლის ხედვით დავიწყოთ. პირველივე დღიდან ქალბატონი თამარი შეუდგება სწორედ ამ საქმიანობას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ამ განცხადებით ლევან მახაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის ინტერესი, რომელიც აშშ-ში საქართველოს ახალმა ელჩმა უნდა წარადგინოს, დაიცვას და რა იქნება მისი პირველი რიგის ამოცანა მისიის შესრულებისას?
როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, თამარ ტალიაშვილის კანდიდატურის დანიშვნა არ არის ცალკე განყენებული მოვლენა.
„ეს არის უფრო ფართო პროცესის ნაწილი, მათ შორის, აშშ-ის ელჩის წასვლაც. ვხედავთ, ინტერესია ორივე მხრიდან, რომ ეს ურთიერთობები დავაბრუნოთ ნორმალურ, პრაგმატულ, ცივილურ კალაპოტში, იქნება ეს ხალხთა შორის ურთიერთობები, უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობა, სავაჭრო მიმართულებით, ყველა მიმართულებით, სადაც შესაძლებელია, ეს ურთიერთობები გადავტვირთოთ. არ გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვლება, მაგრამ ქალბატონ თამარზე თანხმობა არის კარგი პირველი ნაბიჯი უკეთესი ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
არის თუ არა მოლოდინი, რომ საქართველოშიც მალე გამოაგზავნის საკუთარ დიპლომატს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მაქსიმალურად დროულად დაინიშნოს ახალი ელჩი.
„იმიტომ, რომ ელჩი არ არის უბრალოდ ერთი რიგითი სახელ-გვარი. ის არის ოფიციალურად გამტარებელი ამერიკის პოლიტიკის. ამიტომ, რაც მალე იქნება ეს ადამიანი საქართველოში ჩამოსული და შეუდგება საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვისაც, ამერიკისთვისაც და, ზოგადად, ორმხრივი ურთიერთობებისთვისაც“, – განაცხადა მახაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან, ხატია წილოსანთან დაკავშირებითაც ჰკითხა, თუ რა იქნება მისი მთავარი ამოცანა და რა მისიით უშვებს საქართველო მას ევროპის საბჭოში, რადგან გარკვეული გამოწვევები ამ მიმართულებითაც არსებობს და ურთიერთობები გადატვირთვას საჭიროებს, რაზეც ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ხატია წილოსანის ერთ-ერთი მთავარი მისია საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში არსებული გარკვეული გაუგებრობების მაქსიმალურად დროულად აღმოფხვრა იქნება, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის ცოდნა და გამოცდილება, რითიც ის ევროპის საბჭოში მიდის.
„ევროპის საბჭო არ არის ერთი რიგითი პოლიტიკური ორგანიზაცია, იგი ათასგვარ საქმეზე მუშაობს, სოფლის მეურნეობის საკითხებიდან დაწყებული, ეკონომიკის საკითხებით დამთავრებული და ამ მხრივ ქალბატონ ხატიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება აღმასრულებელ თუ საპარლამენტო ხელისუფლებაში მუშაობის. ამიტომ გადავწყვიტეთ და, საბოლოო ჯამში, ქალბატონ ხატიაზე შევჩერდით, რომ უხელმძღვანელოს ევროპის საბჭოში ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საელჩოს და არა უბრალოდ პოლიტიკურ ურთიერთობებზე ვიზრუნოთ, არამედ ვიზრუნოთ სექტორულ მიმართულებებზე, რაც არის ერთ-ერთი უპირატესობა როგორც ევროპის საბჭოში, ასევე ქალბატონი ხატია წილოსანის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ იყო შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ძალიან მკაფიო იყო საქართველოს ხელისუფლების გზავნილი.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის წითელი ხაზი ის ე.წ პირობები, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, რაც დაუყენეს საქართველოს დელეგაციას. გენმდივნის შეფასებით, ეს არ იყო პირობები, ეს იყო უბრალოდ შეთავაზებები და იდეები, თუმცა ეს გასაგებია ახლა, ყველანი ვკითხულობთ, რაც წერია ამ დოკუმენტში. ჩვენ ძალიან მარტივი რაღაც ვუთხარით, რომ ეს არის ერთადერთი წითელი ხაზი, რის გამოც თავს ვიკავებთ მონაწილეობისგან, მაგრამ როგორც კი ეს საკითხი გადაიჭრება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, დავუბრუნდეთ სრულფასოვნად ამ ასამბლეას. მან, ყოველ შემთხვევაში, გამოთქვა დიდი სურვილი და თვითონაც დაგვპირდა, რომ ამაზე იმუშავებს, რომ წლის ბოლომდე, როდესაც მისი მისია სრულდება, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ეს გაუგებრობები იყოს მაქსიმალურად აღმოფხვრილი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.