ლევან მახაშვილი - საუბარია პოლიტიკურ საქმიანობაში იმ პირთა აკრძალვაზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს ქმნიდნენ, ეს საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საუბარია პოლიტიკურ საქმიანობაში იმ პირთა აკრძალვაზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ რეჟიმს ქმნიდნენ.
მახაშვილის განმარტებით, ასევე, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შესაძლოა, პარტიის წევრები არ იყვნენ, მაგრამ არსებითად დაკავშირებული იყვნენ „ნაცმოძრაობასთან“. ლევან მახაშვილი მაგალითისთვის ბაჩო ახალაიას ასახელებს.
ამავდროულად, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოომ უნდა მიიღოს.
„სწორედ იმ პარტიებს შეეხება აკრძალვა, სადაც ეს ადამიანები არიან გაშლილი, მაგრამ დაველოდოთ, ვინ იქნებიან. კონკრეტულ სახელებს ვერ გეტყვით. „ნაცმოძრაობის“ მმართველობის მონაწილე ვინც არ იყვნენ, მათ არ შეეხებათ. „ნაცმოძრაობის“ წევრი ვინც არ იყო, ისინი 2012 წლის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟში ჩართული არ უნდა იყვნენ. ეს არის მთავარი ამოსავალი პრინციპი. ვინმეს აკრძალვა ან არაკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს კონკრეტული პირების მიერ პარტიის დაფუძნება, წევრობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, პარტიის დაფინანსება, სიაში შეყვანა.