ლევან მახაშვილი - საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია არ ჰყავს, ამიტომ გაუგებარია, რის შეჩერებაზეა საუბარი?
საქართველოს პარლამენტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია არ ჰყავს. ამიტომ გაუგებარია, რის შეჩერებაზეა საუბარი? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ტყუილი ვერ გახდება ჭეშმარიტება, თუნდაც ათასმა უცხოელმა თქვას ის.
„ჩვენ ვხედავთ იმავე ძალებისა და პარტიების, ზოგჯერ იმავე სახელებისა და გვარების მიერ საქართველოზე გასალაშქრებლად სხვადასხვა ავანსცენის გამოყენებას. ამჯერად საუბარი გვაქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. სულ რომ ათასმა უცხოელმა თქვას ტყუილი, ის ვერ გახდება ჭეშმარიტება, მაინც ტყუილი და მანიპულაცია იქნება. ვისურვებდით, ყველამ პატივი სცეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და თავი დაანებონ გეოპოლიტიკურ თამაშებში საქართველოს, როგორც სათამაშოს გამოყენებას. ეს ვერ მოხდება და ამ ყველაფრიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომ ყველამ თვალი გაუსწოროს სიმართლეს, აღიაროს საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, რომელიც გამოხატული იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აკრედიტაციის აღიარება, როდესაც წევრები წარმოდგენილი არ არიან, ჩვენი გადმოსახედიდან შეუძლებელია, მაგრამ არ ვიცი, თავად გადაწყვეტენ თუ არა, საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყოს და მომავალში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობდეს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დებატებს, მახაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტის დისკუსიების ერთგვარი გაგრძელება იქნება“.
„დებატებიდან მოლოდინებს რაც შეეხება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით იანვარში რა განხილვებიც იყო, იმის დუბლირება იქნება თავისი განცხადებებით და იმ პოლიტიკური სიმძიმით, რასაც ხატავენ ხოლმე თავიანთ გამოსვლებში. იქნება ევროპარლამენტის დისკუსიების ერთგვარი გაგრძელება, ჩვენ ასე წარმოგვიდგენია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.