ლევან მახაშვილი - სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩისგან მანიპულაციური განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, ჩვენ არსად გვითქვამს, რომ რაიმეს ვწყვეტთ
ლევან მახაშვილი - სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩისგან მანიპულაციური განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, ჩვენ არსად გვითქვამს, რომ რაიმეს ვწყვეტთ

სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩისგან მანიპულაციური განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, ჩვენ არსად გვითქვამს, რომ რაიმეს ვწყვეტთ, – განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, ყველამ ხელი უნდა შეუწყოს პროცესის სწორად განვითარებას.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩისგან მსგავსი სახის მანიპულაციური განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია. მას და მის კოლეგებს ვურჩევთ, რომ ჩვენი განცხადება მარტივად წაიკითხონ – განცხადებაში არსად გვითქვამს, რომ რაიმეს ვწყვეტთ. პოლიტიკურ დღის წესრიგში გაფართოების პროცესის ერთ-ერთ საკითხს არ დავაყენებთ, რაც მოლაპარაკებებს ეხება. ამ პროცესის გარეშე სამუშაო პროცესს მივყვებით. ამიტომ, პოლიტიკური მანიპულაციების ნაცვლად, ყველას ვურჩევდი, სწორი ინფორმაცია შემოიტანონ და ხელი შეუწყონ სწორი პროცესების განვითარებას. ევროინტეგრაციის პროცესი არც რომელიმე სახელ-გვარით, არც რომელიმე ინსტიტუტით იწყება და არც რომელიმე გვარით და ინსტიტუტით მთავრდება. ეს რამდენიმეწლიანი პროცესია, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩართული და კონკრეტული შედეგებიც არსებობს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნული განცხადების შეფასებისას განაცხადა, „ნამდვილად სამწუხაროა გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“.