ლევან მახაშვილი - სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დივერსია მიმდინარეობს, ძალისხმევას არ იშურებენ, ქვეყანა რეგიონულ დაპირისპირებაში აღმოჩნდეს, ხალხი ხედავს, ვინ ვის საქმეს აკეთებს
საქმე რიგით ადამიანებთან რომ გვქონდეს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვიღაცა საინფორმაციო ტყუილების მსხვერპლი გახდა, მაგრამ ეს ადამიანები არათუ მსხვერპლი, არამედ თავად არიან ტყუილები შემქნელები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის განაცხადების შეფასებისას თქვა, რომლის მიხედვით: „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
ლევან მახაშვილის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დივერსია მიმდინარეობს.
„დღეს საქართველო საინფორმციო ომში იმყოფება, სამიზნეა. ეს ადამიანები სახელმწიფოს წინააღდეგ საინფორმაციო შეტევას და დივერსიას აღასრულებენ. დღეს ქვეყანა ორი არჩევანის წინაშე დგას: ან უნდა აირჩიოს ომის რომელიმე მხარე და დაპირისპირებაში თავად შევიდეს, ან რეგიონული საფრთხეები გაითვალისწინოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. ყველა ხედავს, ხელისუფლება რას აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ომშია გახვეული, მშვიდობის შენარჩუნებას ძალისხმევას არ ვაკლებთ. ეს ადამიანები რას აკეთებენ? ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ქვეყანა, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ დაპირისპირებაში აღმოჩნდეს, ქვეყანაში არასტაბილურობა რომ იყოს და პანიკის დათესვით ხელისუფლების წინააღმდეგ ნეგატიური განწყობები გამოიწვიონ, რაც, მათი გათვლით, ძალაუფლების ხელში აღებაში უნდა გადაითარგმნოს. საბედნიეროდ, ხალხი ხედავს, ვინ ვის საქმეს აკეთებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.