ლევან მახაშვილი - რუმინეთში შეხვედრებზე ვისაუბრეთ ევროკავშირში წევრობის პროცესზე, რა შეუძლია რუმინეთს, რომ გააკეთოს, დაეხმაროს საქართველოს, ასევე განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები
ლევან მახაშვილი - რუმინეთში შეხვედრებზე ვისაუბრეთ ევროკავშირში წევრობის პროცესზე, რა შეუძლია რუმინეთს, რომ გააკეთოს, დაეხმაროს საქართველოს, ასევე განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები

რუმინეთის სენატში შეხვედრებისას უპირველესად მოგვილოცეს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება და გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების სურვილი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რუმინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო შეხვედრებზე რამდენიმე მიმართულებით იყო საუბარი.

„ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესზე, ასევე, რა შეუძლია რუმინეთს, რომ გააკეთოს, დაეხმაროს საქართველოს ამ ნაწილში. ასევე განვიხილეთ ორმხრივი მიმართულებები, რადგან ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ბევრ სფეროს ფარავს. ეს არის ენერგეტიკა, განათლება, თავდაცვა და უსაფრთხოება, უამრავი მიმართულება, რომელიც, როგორც რუმინეთისთვის, ასევე საქართველოსთვის არის საინტერესო. განვიხილეთ, პარლამენტებმა რა შეიძლება, გავაკეთოთ, რომ ეს კავშირები გავაძლიეროთ.  დავგეგმეთ შემდგომი ნაბიჯები – ურთიერთგაცვლითი შეხვედრები, ვიზიტები. ინტერესი დიდია არა უბრალოდ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ დღეს რაღაც პროცესებს, არამედ მომავალზე, რა შეიძლება გაკეთდეს შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ევროკავშირის, ნატო-ს და, ზოგადად, მთელ ამ გლობალურ პროცესებში, როგორ შეიძლება, ვაქციოთ შავი ზღვა არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის ხიდად“, – აღნიშნა მახაშვილმა.

მისივე თქმით, რუმინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოსადმი საქმეზე და შედეგებზე დაფუძნებული ინტერესი აქვს და ცდილობს, ურთიერთობა გააღრმაოს.

„ნელ-ნელა ყველა ქვეყანა, ვისაც საქართველოსადმი აქვს გამორჩეული, საქმეზე და შედეგებზე დაფუძნებული ინტერესი და არა ინტერესი, რომ ქვეყანა გამოყენებული იყოს ინსტრუმენტად რუსეთთან დაპირისპირების, ხვდება, რომ აუცილებელია საქართველოსთან ურთიერთობა. ამ ეტაპზე რამდენადაც შესაძლებელია და სადაც ამის რესურსი არსებობს, ისინი ყველა გზით ცდილობენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არა უბრალოდ შეინარჩუნონ, არამედ გააღრმაონ. რუმინეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა და სადაც თანამშრომლობის, საუბრის, დისკუსიის რესურსი არსებობს, ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით მზად ვართ ამ დისკუსიისთვის. ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობები საქართველოა ბრალი არ არის. ეს არის იმ ძალების, ქვეყნების გამო, რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს, რომ საქართველო ყოფილიყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი რუსეთთან დაპირისპირების. ნელ-ნელა ყველა ხვდება, რომ ეს არ არის სწორი მიმართულება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არამხოლოდ რუმინეთი, არამედ მთლიანად ევროკავშირი შემდეგ წლებში ამ ნაბიჯებს გადადგმას და გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ ეს ურთიერთობები, რადგან დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების მთავარი გაკვეთილი უნდა იყოს არა ურთიერთობების დაძაბვა და დესტრუქცია, არამედ პირიქით, მაქსიმალურად კავშირების შენარჩუნება და გაძლიერება“, – განაცხადა მახაშვილმა.