ლევან მახაშვილი - პოლიციელების, სახელმწიფო შენობების წინააღმდეგ გამოიყენებოდა „მოლოტოვის კოქტეილები“, პიროტექნიკა, უწოდებთ ამას მშვიდობიანს ალბანეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში?
ლევან მახაშვილი - პოლიციელების, სახელმწიფო შენობების წინააღმდეგ გამოიყენებოდა „მოლოტოვის კოქტეილები“, პიროტექნიკა, უწოდებთ ამას მშვიდობიანს ალბანეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში?

ვშიშობ, დოკუმენტის დამატებით პუნქტში ბევრი შეუსაბამობა და არასწორი ინფორმაციაა. საქართველოში ჩატარებული არჩევნების თაობაზე ნახსენებია ფრაზა: „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბი“. შეუძლია თუ არა ავტორს, გვითხრას, საიდან მოდის ეს ფორმულირება, რადგან ასეთ ფორმულირებას ვერ იპოვით საქართველოს შესახებ ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო ანგარიშში? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე საქართველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

„დოკუმენტის ავტორი ახსენებს მშვიდობიან მომიტინგეებს. ათეულობით პოლიციელი მძიმედ დაშავდა, ერთმა მხედველობა დაკარგა, პარლამენტი ცეცხლის ქვეშ იყო, „მოლოტოვის კოქტეილები“ და პიროტექნიკა გამოიყენებოდა კვირების განმავლობაში პოლიციელებისა და სახელმწიფო შენობების წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. როგორ არის ეს მშვიდობიანი? უწოდებთ თუ არა ამას მშვიდობიანს, როდესაც იგივე მოხდება თქვენს ქვეყნებში? უწოდებთ ასეთ რამეს მშვიდობიანს ალბანეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, სხვაგან?

ამასთან, დოკუმენტში ნახსენებია „უკიდურესი შეშფოთება ჩინეთთან კავშირების გაძლიერების გამო“. ეუთო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობას ან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან ან უკეთესი ურთიერთობა სურს. აშშ-მა ახლახან ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან; ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ წუთებში, ჩემი საუბრის პარალელურად, ატარებს ტურს ევროპის დედაქალაქებში – ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში; ევროკავშირი გეგმავს სტრატეგიული დიალოგის ჩატარებას ამ დღეებში. მაშ, რა არის შემაშფოთებელი ან „უკიდურესად შემაშფოთებელი“ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში? განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც ცენტრალური რგოლია სავაჭრო შუა დერეფანში, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს? საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდი დოლარია, ხოლო პოლონეთის ბრუნვა – 50 მილიარდი დოლარი, გაერთიანებული სამეფოს ბრუნვა ჩინეთთან კი 100 მილიარდამდე აღწევს, მაგრამ რატომღაც საქართველოს 2 მილიარდი გახდა პრობლემა. ან როგორ არის ეს საკითხი საერთოდ ეუთო-სთან დაკავშირებული?

მესმის, რომ შესაძლოა, შეშფოთება გამოხატოთ საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია თუ არა, შემოგთავაზოთ დიალოგი საქართველოს მთავრობასთან იმ კითხვების ან შეშფოთებების გასარკვევად, რაც შეიძლება, გქონდეთ? ფაქტები თუ გაინტერესებთ, მიიღოთ რეალური, ფაქტებზე დაფუძნებული მტკიცებულება, რაც ხდება საქართველოში და არა – ერთი მხარის მხრიდან ჭორები. ეუთო ამ მხრივ მაღალ სტანდარტებს იმსახურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დოკუმენტი ანგრევს ეუთო-ს სანდოობას საქართველოში. ამიტომ პატივისცემით ვთხოვ კომიტეტის წევრებს, არ მისცენ ხმა ამ დოკუმენტს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.