ლევან მახაშვილი – პეტერ ფიშერის წასვლიდან რამდენიმე დღეში გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მითითებული
ფაქტია, რომ გერმანიის წინა ელჩის წასვლიდან რამდენიმე დღეში გერმანიის საგარეო უწყების გვერდზე წაიშალა ინფორმაციაც და საქართველოს ელჩსაც მიეცა შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში რწმუნებათა სიგელი გადასცეს გერმანიის პრეზიდენტს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს, რაზე მიუთითებს, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული.
„გერმანიის შემდგომი ნაბიჯებით გამოჩნდება, ეს რაზე მიუთითებს. ჩვენ, ყველანი ვისურვებდით, რომ ამ ინფორმაციის განახლება დროულად მოხდეს. ისიც აღმოჩნდა, რომ რაღაც ტექნიკური მიზეზებით თურმე პრობლემა არ ყოფილა. სურვილი და საჭიროება თუ არის, მალე შეიძლება წაშლაც და იმის განახლებაც. საჭირო თუ არის, ორ წუთში შეიძლება ამ ინფორმაციის წაშლა-განახლება. საზოგადოებამ განსაჯოს, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიის წინა ელჩის წასვლიდან რამდენიმე დღეში ინფორმაციაც წაიშალა და საქართველოს ელჩსაც მიეცა შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში რწმუნებათა სიგელი გადასცეს გერმანიის პრეზიდენტს. დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ამასთან, საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.
პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჰუმბერტ ქნირში შეცვალა. ფიშერმა საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა 2026 წლის ივნისში დაასრულა.