ლევან მახაშვილი - პაატა ბურჭულაძის იდეების მოსმენისას გვიჩნდება განცდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა აკლია, ოპოზიციას არ აქვს შანსი, არჩევნებში კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებას
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, რამდენი ცენტრიც არ უნდა შეიქმნას, ოპოზიციას არ აქვს შანსი, არჩევნებში სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებას.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომელმაც დაანონსა ეროვნული ყრილობა, რაც, მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს, მახაშვილი ამბობს, რომ ბურჭულაძის ინიციატივების შეფასება გაუჭირდება.
„პაატა ბურჭულაძის იდეებს რომ ვუსმენთ, ხანდახან გვიჩნდება განცდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა აკლია და სურვილი აქვს, შეიკრიბონ, ილაპარაკონ და რაღაცებზე იმსჯელონ. გამიჭირდება, პაატა ბურჭულაძის ინიციატივები შევაფასო, რადგან თუ ვინმეს სადმე შეყრა და შემოყრა უნდა, აქ არის პარლამენტი და ჰქონდათ რესურსი, აქ ყოფილიყვნენ. შეეძლოთ, რაც მოსახლეობისთვის საჭიროდ მიაჩნდათ, აქ განეხილათ. ეს ადამიანები ცდილობენ, ქვეყნის შიგნით და გარეთ თავი წარმოაჩინონ, რომ ისინი არიან ხმა ოპოზიციური ამომრჩევლის, სხვა მხრივ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პლატფორმა იქნება. რამდენი ცენტრიც არ უნდა იყოს, მათ შანსი არ აქვთ, არჩევნებში სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ხელისუფლებას. ცდილობენ, თავი გამოიჩინონ, რათა თქვან, რომ ოპოზიცია მათ გარშემო უნდა გაერთიანდეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.