ლევან მახაშვილი – მამუკა მდინარაძის პირად გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, ცვლილებები ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება, რაც სახელმწიფოს განვითარების ნორმალური პროცესია

13:13, 28.08.2026

მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება დასანანი იყო, რადგან მას ამ ქვეყნისა და გუნდის სასიკეთოდ ბევრი რამე აქვს გაკეთებული. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ამას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. შემიძლია, მას შემდგომ საქმიანობაში მხოლოდ წარმატება ვუსურვო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძეს მეტის თქმა თუ უნდოდა, იტყოდა.

„სხვა მხრივ, ვიცოდი, არ ვიცოდი, თუ მოსალოდნელი იყო, ეს გადაწყვეტილება, ამაზე საუბარი არარელევანტურია. მეტის თქმა თუ უნდოდა, თავად იტყოდა, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. დღეს იმაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რაც თავად ბრძანა. სახელმწიფოს მიზანი და გეგმა ისევ ძალაშია, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, ასევე რეგიონების გაძლიერების თვალსაზრისით. მან თავად გადაწყვიტა, რომ ახლა საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში არ წარმოუდგენია. დამატებით თუ რაიმე სათქმელი აქვს, თავად იტყვის. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას „კლანების“ შეჯახებაზე, მათ სპეკულაციებში ვერ შევალ. ისინი ცდილობენ, ამ პროცესებს ისეთი შეფასება მისცენ, რაც დაპირისპირებაში ჩასვან. ჩვეულებრივი ცვლილებები ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება, რაც სახელმწიფოს განვითარების ნორმალური პროცესია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

რაც შეეხება იმას, გაუქმდება თუ არა რეგიონული განვითარების სამინისტრო და შეიქმნება თუ არა სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგიონული განვითარების საკითხებში, ლევან მახაშვილმა განაცხადა, საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„31 აგვისტოს ბიუროს სხდომაა და ამ დრომდე ყველაფერი ჩამოყალიბდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება. ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს, ამაზე საუბარი გვექნება“, – განაცხადა მახაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია. პროცედურის მიხედვით, მისი გატანა მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პოზიციას შეცვლის და სამინისტრო აღარ გაუქმდება, მთავრობას პარლამენტიდან ცვლილებების გაწვევა მოუწევს.

მსგავსი