ლევან მახაშვილი - მაია სანდუ საქართველოს საგარეო პოლიტიკას უწუნებს, თუმცა ქვეყნის ამ პოლიტიკის წყალობით ეკონომიკა მოლდოვის ეკონომიკაზე ორჯერ დიდია, ხუთ მილიარდამდეა სხვაობა
მაია სანდუ საქართველოს საგარეო პოლიტიკას უწუნებს, თუმცა ქვეყნის ამ პოლიტიკის წყალობით საქართველოს ეკონომიკა მოლდოვის ეკონომიკაზე ორჯერ დიდია, ხუთ მილიარდამდეა სხვაობა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები ნორმაშია, მაშინ როდესაც მოლდოვის სრულიად გასულია.
„მაია სანდუს განცხადება უცნაური იყო, მაგრამ იმ წარსულს თუ გავიხსენებთ, რაც მისგან და მისი კოლეგებისგან მოგვისმენია საქართველოს რეპუტაციის დასაზიანებლად, ამ მხრივ ეს განცხადება გასაკვირი არ იყო. ეს ადამიანი საქართველოს საგარეო პოლიტიკას უწუნებს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ პოლიტიკის წყალობით საქართველოს ეკონომიკა მოლდოვის ეკონომიკაზე ორჯერ დიდია, ხუთ მილიარდამდეა სხვაობა. საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები ნორმაშია, მაშინ როცა მოლდოვის სრულიად გასულია. არ ვიცი, შური ალაპარაკებთ თუ რა, მაგრამ ფაქტია, საქართველოს არსებულმა საგარეო პოლიტიკამ უპრეცედენტო განვითარება მოუტანა. საქართველოს ხელისუფლებაზე რუსული იარლიყის მიწებების სხვადასხვა განცხადება მოგვისმენია, მიზეზები არ ილევა, რითიც ცდილობენ, ქვეყანას რუსული იარლიყი მიაწებონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა განმარტა, სახელმწიფოს თუ ადამიანების დისკრედიტაციისთვის ამ იარლიყის გამოყენება სპეციალურად როგორ ხდება.
„არც ისტორიაა ახალი, არც მეთოლოგია, რაც სანდუმ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენი მიზანი ემოციური პოლიტიკა არ არის, პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს, რომელსაც მივყვებით. ბევრს ეს პოლიტიკა აღიზიანებს და უნდა, ემოციური პოლიტიკა გვქონდეს. ეს მათი არჩევანია, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ეს განცხადებები მათზე მოქმედებს, რამდენად ღირსეული არიან. სანდუმ გადაწყვიტა, საქართველოს ლანძღვით სახელი გაეთქვა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.