ლევან მახაშვილი – IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორია
IRI-ს კვლევა ე.წ. ოპოზიციისთვის დამანგრეველი შედეგია, რადგან აშიშვლებს და აფასებს იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ შეცდომებს, რაც ამ ოპოზიციურმა ფლანგმა დაუშვა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციური ფლანგის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მოსახლეობის სურვილებისა და ინტერესების წინააღმდეგია,
„IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორია. ეს ე.წ. ოპოზიციისთვის დამანგრეველი შედეგია, რადგან აშიშვლებს და აფასებს იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ შეცდომებს, რაც ამ ოპოზიციურმა ფლანგმა დაუშვა, განსაკუთრებით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. რა იყო ეს? – ეს იყო მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ დაპირისპირების ახალი კერების გაჩენა, დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა და ა.შ. ეს არ იყო მოსახლეობის დაკვეთა და ამ კვლევამაც სწორედ ამაზე მიუთითა, რომ მათი გადაწყვეტილებები სრულ წინააღმდეგობაში იყო იმისა, თუ რა სურვილები და ინტერესები ჰქონდა მოსახლეობას“, – განაცხადა მახაშვილმა.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.