ლევან მახაშვილი - ჰელსინკის კომისიაზე მოვისმინეთ ერთი მუჭა ხალხის მცდელობა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები მეტად დაეზიანებინათ, ეს მცდელობა წარმატებული ვერ იქნება
ჰელსინკის კომისიაზე მოვისმინეთ ერთი მუჭა ხალხის მცდელობა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მეტად დაეზიანებინათ. კარგია, რომ ეს არის უბრალო მცდელობა, რომელიც წარმატებული ვერ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებში ახალი არაფერი იყო.
„მათი მცდელობები გაცვდა. შეიძლება, ერთი თვის წინ ეს განცხადებები ყვიროდა, მაგრამ დღეს მთლიანად გამცვდარია, რადგან რეალობას და ფაქტებს არ ეფუძნება, ჩვეულებრივი ტყუილებია. გეოპოლიტიკურად მათთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან. მათ ისაუბრეს ისეთ თემებზე, რაც, მათი აზრით, კონგრესმენებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ამ საუბარს სხვა დანიშნულება არ ჰქონდა, მით უმეტეს, ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც კარგად იცის სალომე ზურაბიშვილისა და თინა ხიდაშელის წარსული და აწმყო. რაც შეეხება კონგრესმენების განცხადებებს, რაც მოვისმინეთ, ფინანსური ინტერესებით ნაკარნახევი იყო. ეს არ იყო არც გულწრფელი და არც რეალობას შეესაბამებოდა. ამ ცირკის, შაპიტოს მიზანი იყო, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვა დააზიანოს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმის სტატუსით წარდგნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. მოსმენას დარბაზში ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი.