ლევან მახაშვილი - ღიმილის მომგვრელია ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომ სხვა ქვეყნებში ჩარევა არ შეიძლება, ბრიუსელისთვის საქართველო ალბათ დაბალი ღობეა, სადაც ხელების ფათური შეუძლიათ
ამერიკას ბრიუსელის მიმართ სრულიად ლოგიკური შენიშვნები აქვს. ამერიკა ხედავს, რომ ევროკავშირი იმ ტიპის ორგანიზაცია აღარ არის, რომელიც თავის დროზე ამერიკას გვერდით ედგა ყველა საერთაშორისო პრობლემის მოგვარების ნაწილში. ამიტომ მისი კრიტიკა სრულიად ლოგიკურია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილის თქმით, ბრიუსელის მიმართ შენიშვნები „ქართულ ოცნებასაც“ აქვს.
„ღიმილის მომგვრელია ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ სხვა ქვეყნებში ჩარევა არ შეიძლება. ეს მაშინ, როცა ჩვენი არაერთი თხოვნის თუ მოთხოვნის მიუხედავად, წლების განმავლობაში მათი მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხელების ფათური იყო. თურმე პარტნიორებს მსგავსი ქმედებები არ შეეფერებათ. გამოდის, რომ ბრიუსელისთვის საქართველო არც პარტნიორია, არც მოკავშირე, არც სახელმწიფო და ალბათ დაბალი ღობეა, სადაც ხელების ფათური შეუძლიათ. ევროკავშირი ამ განცხადებით, ფაქტობრივად, ემსგავსება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ამბობს, რომ ძალა თუ მაქვს, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, სადაც მინდა, იქ ჩავერევი და რასაც მინდა, იმას მოვახვევ თავს. საქმე ამერიკას თუ ეხება, საერთაშორისო სამართალი მაშინ ახსენდებათ. ბრიუსელს მოვუწოდებთ არა ორაზროვანი პოლიტიკისკენ, არამედ თანმიმდევრულად პატივი სცეს საკუთარ პარტნიორებს. ჩარევისგან თავშეკავება თუ ხდება, ყველგან ასე უნდა მოხდეს, რათა სხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, წნეხისგან და შანტაჟისგან დამოუკიდებლად განავითარონ საკუთარი პოლიტიკა“, – განაცხადა მახაშვილმა.