ლევან მახაშვილი - ევროპარლამენტის ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი ევროკავშირს მოუწოდებს, პატივი სცეს იმ პრინციპებს, რასაც საერთაშორისო სამართალი ეფუძნება და რაზეც აგებულია თავად ევროკავშირი
ევროპარლამენტის ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი საქართველოსთვის მხარდამჭერი კი არ არის, არამედ ევროკავშირს მოუწოდებს, პატივი სცეს იმ პრინციპებს, რასაც საერთაშორისო სამართალი ეფუძნება და რაზეც აგებულია თავად ევროკავშირი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა ევროპარლამენტში, „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით წარდგენილ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით.
მახაშვილის თქმით, რეზოლუციის ამ პროექტში საუბარია ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე.
„მსგავსი სახის რეზოლუციის პროექტს მივესალმებით, რადგან საბაზისო ეტაპზე, საბაზისო ხარისხით მაინც პატივს სცემენ საერთაშორისო სამართალს. ამ დოკუმენტში ისიც არის აღნიშნული, რომ ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს ევროკავშირის პოლიტიკა არ მოსწონს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ 2024 წლის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა და მკაფიოდ იყო გამოხატული მოსახლეობის პოზიცია, რასაც პატივი უნდა სცენ. მათი მხრიდან ასევე დაგმობილია სანქციების მუქარა და დამსჯელობით აქტივობები“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.