ლევან მახაშვილი - ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ფუნქციები იყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი, პროკურატურა ასეთი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფილია
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ფუნქციები მაქსიმალურად დამოუკიდებლად და ეფექტიანად ხორციელდებოდეს, ამ ნაწილში პროკურატურა უზრუნველყოფილია როგორც დამოუკიდებლობის ინსტრუმენტებით, ასევე ეფექტიანობით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული უწყება 2018 წელს შეიქმნა და ხან მისი გაერთიანება მოხდა, ხან – გაყოფა, რაც ევროკავშირთან კავშირში არ არის.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით არ არსებობდა არგუმენტები როგორც ამ უწყების არსებული ფორმით დატოვების, ასევე სხვა უწყებასთან გაერთიანების ან გენერალურ პროკურატურაში დაბრუნების თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ორი პრინციპით მივიღეთ – რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ინსტიტუტი კონსტიტუციურ წყობილებას და ასევე, რამდენად ეფექტიანად ახორციელებს თავის საქმიანობას. ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონსტიტუციური წეს-წყობილების აღდგენაზე, რადგან ამოგლეჯილია მისი ფუნქციები პროკურატურის ფუნქციებისგან. ეს უწყება 2018 წელს შეიქმნა და ხან მისი გაერთიანება მოხდა და ხან – გაყოფა. ეს ევროკავშირთან კავშირში არ არის. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საგამოძიებო ფუნქციები მაქსიმალურად დამოუკიდებლად და ეფექტიანად ხორციელდებოდეს. ამ ნაწილში პროკურატურა უზრუნველყოფილია როგორც დამოუკიდებლობის ინსტრუმენტებით, ასევე ეფექტიანობით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყება საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება.