ლევან მახაშვილი - ევროკავშირის ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია ყველა მიმართულებით, რომელიც არის საკვანძო უვიზო რეჟიმის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის
ლევან მახაშვილი - ევროკავშირის ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია ყველა მიმართულებით, რომელიც არის საკვანძო უვიზო რეჟიმის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის

ევროკავშირის ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია ყველა მიმართულებით, რომელიც არის საკვანძო უვიზო რეჟიმის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილმა კომენტარი გააკეთა „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით.

მახაშვილის შეფასებით, ისევე როგორც წინა ანგარიშებში, ამ ანგარიშშიც ევროკომისიას აქვს ცალკეული რეკომენდაციები, რათა უვიზო რეჟიმის სისტემამ კიდევ უფრო გამართულად იფუნქციონიროს.

„გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში უვიზო რეჟიმის სისტემის მართვასა და შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება როგორც საქართველოს, ასევე ყველა სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობს. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ანგარიში პოზიტიურია ყველა მიმართულებით, რომელიც არის საკვანძო, ძირითადი კომპონენტი უვიზო რეჟიმის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის, იქნება ეს თავშესაფრის პოლიტიკა და მაჩვენებლები, დაბრუნება, საერთაშორისო თანამშრომლობა, დოკუმენტების უსაფრთხოება თუ სხვადასხვა ტიპის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ევროკავშირის სააგენტოებთან თანამშრომლობა და ა.შ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ არა უბრალოდ გააძლიერა და კიდევ უფრო მჭიდრო გახადა ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან თანამშრომლობა, იქნებოდა ეს საპოლიციო, სასამართლო, საზღვრის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობა, ამას გარდა, ჩვენ პირნათლად შევასრულეთ წინა ანგარიშში გათვალისწინებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გვქონდა ასეთი დადებითი მოლოდინი, რომ ზოგადად იქნებოდა პოზიტიური შეფასება. ამავე დროს, ისევე როგორც წინა ანგარიშები, ამ ანგარიშშიც ევროკომისიას აქვს ცალკეული რეკომენდაციები, რათა ამ სისტემამ კიდევ უფრო გამართულად და ნაკლის გარეშე იფუნქციონიროს. ჩვენ თითოეულ ამ რეკომენდაციას ძალიან ყურადღებით, სიღრმისეულად განვიხილავთ და სადაც ამის რესურსი იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“, – განაცხადა მახაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქართველომ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა გააფართოვა ამ წლის განმავლობაში. ამასთან, მახაშვილის განცხადებით, რაც შეეხება ცალკეულ პირებზე სანქციების შესაძლო დაწესებას, ეს არის საკითხი, რომელზეც ევროპულმა საბჭომ სამიტზე უნდა იმსჯელოს და მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება.

„არის ცალკეული მიმართულებით რეკომენდაციები, ერთ-ერთი არის, რომ სავიზო რეჟიმი კიდევ უფრო დავაახლოოთ ევროკავშირთან. მათ შორის, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა გავაფორმეთ ამ წლის განმავლობაში და ამაზე კითხვები აქვს ევროკავშირს. თუმცა, საერთო ჯამში, ვინაიდან არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი, ჩვენ ევროკავშირისთვის არ წარმოვადგენთ რაიმე ტიპის უსაფრთხოების თუ მიგრაციის რისკს, ამიტომ, ამ მხრივ არსებითად არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ამ სისტემას რაიმე კითხვის ნიშანი დავუსვათ. რაც შეეხება ცალკეულ პირებზე სანქციების შესაძლო დაწესებას, ესაა ის საკითხი, რომელზეც ევროპულმა საბჭომ სამიტზე უნდა იმსჯელოს და მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება და ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საჭიროა ამაზე ევროპული საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, სადაც ყველა ქვეყნის პოზიცია არის გასათვალისწინებელი და, ამის გათვალისწინებით, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ რაიმე მასშტაბური ტიპის სანქციებზე, შესაძლოა, იყოს საუბარი“, – განაცხადა მახაშვილმა.

ევროკომისიამ „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებას მოიცავს. „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების საკითხის განხილვა. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციასაც შეიცავს.

ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის აპრილში ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველოს სხვაობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან გაიზარდა.