ევროკომისიის ანგარიში - 2024 წლის აპრილში ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველოს სხვაობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან გაიზარდა
ევროკომისიის ანგარიში - 2024 წლის აპრილში ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველოს სხვაობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან გაიზარდა

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოს არ განუცდია პროგრესი სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით, პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმების ხელმოწერით ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სხვაობა გაიზარდა.

„საქართველო ამტკიცებს, რომ ვინაიდან მას არ აქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის ნაკლებობა არ წარმოადგენს რისკს ევროკავშირისთვის უკანონო მიგრაციისა ან უსაფრთხოების კუთხით. თუმცა ევროკომისია აღნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის შესაბამისობა არის საკვანძო ამოცანა ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირის სამეზობლოში და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის. შესაბამისად, ევროკომისია ელოდება, რომ საქართველო მიაღწევს პროგრესს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 8%-ით შემცირდა. 2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადი 24 375-მა მოქალაქემ შეიტანა, 2022 წელს ეს რიცხვი 26 555-ს შეადგენდა. ამასთან, 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების უკანონოდ კვეთის ათი შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს იყო 20 ასეთი შემთხვევა. ამავე დროს, ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 12%-ით არის გაზრდილი, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შესვლაზე გაცემული უარის რაოდენობა შემცირებულია 8%-ით.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო კანონმდებლობა, რომლის გამოყენება ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს.

„2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება ძირს უთხრის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საერთო საკანონმდებლო ბაზას. ორივე ინიციატივა არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულ იქნა 2024 წლის მაისში ვენეციის კომისიის შეფასებისა და კანონის გაუქმების შესახებ ევროკავშირის არაერთი მოწოდების მიუხედავად. კანონი ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე, დისკრიმინაციის აკრძალვას. გამკაცრებული ანგარიშგების მოთხოვნები და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების კონტროლთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილება ზრდის შერჩევითი და თვითნებური გამოყენების რისკს“, – ნათქვამია ანგარიშში.