ლევან მახაშვილი - ევროკავშირი ჩვენს მომავლად წარმოგვიდგენია, ორგანიზაციად, სადაც გაწევრიანება გვინდა, ასეთი ორგანიზაცია გამჭვირვალე და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს
მოვუწოდებთ ბრიუსელს, მაქსიმალურად გახსნან თავიანთი კარი და მაქსიმალურად გამჭვირვალობა შემოიტანონ თავიანთ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში არსებულ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ცნობები შემაშფოთებელია.
„ერთი მხრივ, ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია ცნობები, რაც ევროკავშირში არსებულ კორუფციულ სკანდალსა და მოსყიდვებთან დაკავშირებით მოვისმინეთ; მეორე მხრივ, ეს არ არის გასაკვირი. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი მსგავსი სკანდალი მოვისმინეთ. ბრიუსელი მსგავს სკანდალში გაეხვა, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებებით კორუფციაში, მოსყიდვასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდნენ. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის შემაშფოთებელია.
ევროკავშირი ჩვენს მომავლად წარმოგვიდგენია, იმ ორგანიზაციად, სადაც გვინდა, გავწევრიანდეთ. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია ჩვენთვის უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მაქსიმალურად ანგარიშვალდებული მოსახლეობის წინაშე. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს, მაქსიმალურად გახსნან თავიანთი კარი და მაქსიმალურად გამჭვირვალობა შემოიტანონ თავიანთ ბიუროკრატიაში. რაც ყველაზე მთავარია, თავი დაანებონ სხვა სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს დაბულინგებას იმ მიზეზით, რომ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი გვქონდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე სამი პირი დააკავა, რომელთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისიის მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო. როგორც ევროკავშირის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება ბრიუგეს ახალგაზრდა დიპლომატთა აკადემიის დაფინანსებას 2021-2022 წლებში. აკადემიის რექტორი კი ფედერიკა მოგერინია.
ამასთანავე, ევროკავშირის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან არ მიიჩნევა, რომ არსებობს მათი გაქცევის რისკი.