ლევან მახაშვილი - ელჩებმა ვენის კონვენცია მხოლოდ პრივილეგიებისთვის კი არ უნდა გამოიყენონ, რომ მანქანებზე ჯარიმები არ გადაიხადონ, არამედ პატივი სცენ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს
ელჩებმა ვენის კონვენცია იმისთვის კი არ უნდა გამოიყენონ, რომ მანქანებზე წითელი ნომრები ჰქონდეთ, რათა ჯარიმები არ გადაიხადონ, არამედ პატივი სცენ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, კონკრეტული ფაქტები არსებობს, როცა ელჩები ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან.
„ფაქტები და შეფასებებია. კონკრეტული ფაქტებია, როცა ეს ადამიანები მონაწილეობენ წინასაარჩევნო პროცესებში, პოსტსაარჩევნო პროცესებში, სასამართლო პროცესებში და გავლენის მოხდენას ცდილობენ მართლმსაჯულების სისტემაზე, საარჩევნო შედეგებზე. ფაქტები ხელისგულზე დევს. არ შეიძლება, ვენის კონვენცია თაროზე შემოდონ ან როცა საჭიროა, მაშინ გამოიყენონ. ვიღაცები მას მაშინ იყენებენ, როცა სჭირდებათ, ხოლო როცა არ აწყობთ, წაუყრუებენ ხოლმე. დიპლომატიური წესია, როცა ელჩის მიმართ მასპინძელი ქვეყნის მიერ ნებართვა გაიცემა, რომ დიპლომატიური საქმიანობა აწარმოოს, ეს ნიშნავს, რომ, ვენის კონვენციით, პრივილეგიების მსგავსად, ვალდებულებებიც აქვთ. მათ შორის, ის იგულისხმება, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. ამიტომ ვენის კონვენცია მხოლოდ პრივილეგიებისთვის კი არ უნდა გამოიყენონ და იმისთვის, რომ მანქანებზე წითელი ნომრები ჰქონდეთ, რათა ჯარიმები არ გადაიხადონ, არამედ იმისთვის, რაც მათი უშუალო ფუნქციაა – პატივი სცენ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და მასში ჩართვისგან თავი შეიკავონ. ყველას მოვუწოდებთ, ამ ჩარევებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.