ლევან მახაშვილი - ჩვენი პასუხისმგებლობაა, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმები იყოს დაცული, რასაც საქართველო აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს, დანარჩენი წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია
ობიექტური შეფასებების საფუძველზე არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით არსებითად შეიცვლება მდგომარეობა. ქვეყნის შიგნიდან და ზოგიერთი გარე ძალისგანაც, ევროკავშირისგან ვხედავთ ძალისხმევას, საკითხი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საქართველოს სახელმწიფოს, ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ შანტაჟად, პოლიტიკურ იარაღად, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს ძალისხმევა ახალი არ არის და გაგრძელდება“.
„ნოემბერი იქნება, დეკემბერი თუ მომდევნო წელი, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევას გააგრძელებენ. საქართველო აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს იმას, რომ უვიზო რეჟიმის კრიტერიუმები იყოს დაცული, ევროკავშირს არ შეექმნას საფრთხე საქართველოს მხრიდან. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სხვა დანარჩენი წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების საგანია. ცვლილებები, რასაც ევროკავშირში იღებენ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის პროცედურებთან დაკავშირებით, ყოველგვარი სტატისტიკის უგულებელყოფას ითვალისწინებს. მაგალითად, იმას, რას აკეთებს ქვეყანა, რათა ევროკავშირი, ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ დაცული. შეიძლება, ეს უგულებელყონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც მათი არჩევანია, გადაწყვეტილებაა. მთავარია, საქართველოს საზოგადოებამაც იცოდეს, ვინ არის პასუხისმგებლიანი აქტორი – ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ცდილობს, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაცული იყოს კრიტერიუმები. ამავე დროს საზოგადოება ხედავს, ვინ არის უპასუხისმგებლო აქტორი – შიდა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად აქციონ და პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, დღეს საზოგადოება კარგად არჩევს, ვინ არის პასუხისმგებლიანი და ვინ – უპასუხისმგებლო ძალა.
„გიდასტურებთ, რომ წლების განმავლობაში ჩართული იყვნენ ამ პროცესში და მომავალშიც გააგრძელებენ, რომ უვიზო მიმოსვლა და სხვა საკითხები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ და ამით ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლას შეეცადონ. ჩვენი შეფასებით – და საზოგადოებაც ამას ხედავს – არის ორი ჯგუფი აქტორების – პასუხისმგებლიანი და უპასუხისმგებლო აქტორები. არცერთხელ საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლებისგან არ მოუსმენია განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენი მიზანია უვიზო რეჟიმის შეჩერება, მით უმეტეს, მოსახლეობისთვის. პირიქით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. ამავე დროს საზოგადოება ხედავს, რომ უპასუხისმგებლო აქტორები დედაქალაქებში ჯერ ითხოვდნენ, ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა არ მიეცათ, შემდეგ დღენიადაგ ზრუნავენ, რომ შეწყდეს უვიზო მიმოსვლა. ნელ-ნელა დაიწყეს ამ საკითხის, ნიადაგის მომზადება. თუ გახსოვთ, ეს ტაბუდადებული თემა იყო, ვერც კი ბედავდნენ საუბარს, მაგრამ პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის, რომელთა აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, პოლიტიკურად მუშაობა დაიწყეს, რათა ეს ნელ-ნელა აქციონ რეალობად. ეს ძალები არ არიან პოლიტიკური ორგანიზაციები, ესენი არიან რადიკალური ჯგუფები, მათ შორის გარე ძალებიც.
ამ პოლიტიკურ ძალებს შიგნით, რა თქმა უნდა, ჰყავთ თავიანთი პოლიტიკური ოჯახები, მათ შორის ევროკავშირის შიგნით – ევროპარლამენტი იქნება თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო. არა ევროკავშირი მთლიანად, არამედ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ევროკავშირში. საარჩევნო ურნასთან რაც ვერ შეძლეს, ცდილობენ ძალადობით, შანტაჟით თუ ზეწოლით მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება. ჩვენი ნაბიჯების მთავარი მიზანია, თითოეულმა უცხოელმა დიპლომატმა გაიაზროს მაღალი პასუხისმგებლობა, რაც აკისრია ვენის კონვენციით. ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან როდესაც ვხედავთ ვენის კონვენციასთან შეუსაბამო საქმიანობას, ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებს, გვიჩნდება სხვადასხვა ტიპის ემოცია და სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ ამას. ზოგიერთი ელჩის მხრიდან კატეგორიულად მიუღებელ ნაბიჯებს როცა ვხედავთ, შესაძლებელია, სხვადასხვა ფორმით გამოვხატოთ ჩვენი აზრი. საუბარი გვაქვს, რომ თითოეული ელჩი უნდა ჩაჯდეს ვენის კონვენციის ფარგლებში. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია, ზოგიერთმა ჩვენგანმა სხვადასხვა ფორმით გამოვხატოთ აზრი“, – განაცხადა მახაშვილმა.