ლევან მახაშვილი - ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის თავისუფალი მედიის, ალტერნატიული ხმის ჩახშობის მცდელობა, ვისურვებდი, რომ „იმედმა“ და „პოსტივიმ“ თავიანთი საქმე ორმაგი ენერგიით გააგრძელონ
ლევან მახაშვილი - ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის თავისუფალი მედიის, ალტერნატიული ხმის ჩახშობის მცდელობა, ვისურვებდი, რომ „იმედმა“ და „პოსტივიმ“ თავიანთი საქმე ორმაგი ენერგიით გააგრძელონ

მიუნხენში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ევროპა პირდაპირ დაადანაშაულეს თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში. მგონი, ამაზე პასუხი გაცემულია და არამხოლოდ ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება ტელევიზიების შესაძლებლობების შეზღუდვის მცდელობაა.

„ვნახოთ, რა არის პროპაგანდა და სიცრუე. ერთ-ერთი მიზეზი, რაც უწერიათ, არის, რომ უკრაინა კორუმპირებული სახელმწიფოა და თურმე ამას ერთი ან მეორე არხი ამბობს, როცა თავად ევროკომისიის კვლევებით უკრაინა და მოლდოვა ევროპის ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები არიან. ვინ ტყუის, ევროკომისია თუ „იმედი“ და „პოსტვ“? – დასკვნა მარტივია. შემიძლია, პირდაპირ ამერიკელების სიტყვები გავიმეორო, როცა კონგრესში პირდაპირ ბრალდებები მოვისმინეთ, ევროპელები თავისუფალ სიტყვას ახშობენო. ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის თავისუფალი მედიის, ალტერნატიული ხმის ჩახშობის მცდელობა. ვისურვებდი, რომ ამ ტელევიზიებმა თავიანთი საქმე ორმაგი ენერგიით გააგრძელონ.

რატომ ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის თაობაზე თუ არგუმენტი ტყუილია, სხვა რაღაცები, რაც წერია, არ არის ტყუილი? რაზე ასანქცირებენ ამ ტელევიზიებს? თურმე დასავლეთი ომში გვითრევს? – ელჩების განცხადებაც მოვისმინეთ. ელჩებს სირაქლემის პოზაში ქვიშაში თავი აქვთ ჩაყოფილი და ვითომ არაფერი მომხდარა. ეს ადამიანები მათი წარმომადგენლები არ იყვნენ, ვინც ცის დაკეტვას, ხმელეთის დაკეტვას, სამთავრობო თვითმფრინავებით მებრძოლების გაგზავნას და სანქციების დაწესებას ითხოვდნენ? როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველო რუსეთს ეკონომიკურ ომს უცხადებს და რუსეთი რას აკეთებს, მადლობას გვითვლის თუ შუშხუნებს გაისვრის? ეს არის პირდაპირი ესკალაცია და ქვეყნის გაწირვა, სულ მცირე, ეკონომიკური კოლაფსისთვის. მიუნხენში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ევროპა პირდაპირ დაადანაშაულეს თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში. მგონი, ამაზე პასუხი გაცემულია და არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ამერიკელები მკაფიო პასუხს სცემენ. მცდელობაა, რომ ტელევიზიებს შესაძლებლობები შეუზღუდონ, მაგრამ იმედია, თავიანთ საქმიანობას ორმაგი მოტივაციით გააგრძელებენ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.