ლევან მახაშვილი - ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვების საჭიროება მაშინ არსებობს, თუ ყველა სახელმწიფო თანხმდება, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რესურსების დახარჯვა
ეს ის სივრცეა, სადაც ჩვენ პირნათელი ვართ. ეუთო-ს თუ სურვილი აქვს და ქვეყანაში დამკვირვებლების არსებობის საჭიროებაა, უამრავი მაგალითი არსებობს, როცა ეუთო-მ, საჭიროებებიდან გამომდინარე, შეზღუდულ ვადებში რომელიმე არჩევნებზე ჩასვლა, მონაწილეობა და დაკვირვება მოახდინა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, არაერთი მსგავსი პრეცედენტი არსებობს.
„სწორედ ამ მაგალითების გათვალისწინებით ვამბობთ, რომ ეუთო/ოდირ-ის უარის რეალური მიზეზი იყო არა ვადა და დრო, არამედ ის შესაძლო ზეწოლა, რაც მრავალი თვის განმავლობაში მათ წინააღმდეგ ხორციელდებოდა. ამ დისკუსიაში შესვლა არ გვინდა, რადგან, საბოლოო ჯამში, ეუთო-ს დააზიანებს, რაც ჩვენი მიზანი არ არის, მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ძირითადი პრაქტიკა არ არის, ამის საჭიროება შეიძლება მაშინ იყოს, თუ განსაკუთრებული რამე ხდება და ყველა სახელმწიფო თანხმდება, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგიისა და რესურსების დახარჯვა და წნეხის გაძლება. 4 ოქტომბრის არჩევნებზე ასეთი არაფერი ხდება. ამიტომ, ეს არჩევნები ისეთი მასშტაბის მოვლენა არ არის, რაც შეიძლება ეუთო/ოდირ-ს ზეწოლად და წნეხად უღირდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.