ლევან მახაშვილი – 9 აპრილი ყველას ეკუთვნის, ერს და ბერს, ყველა თაობას და მემორიალთანაც მოიძებნება ადგილი ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა

14:01, 09.04.2025

რამე თუ არის ძვირფასი და ღირებული ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, ეს არის დღევანდელი დღე, 9 აპრილი, ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა უცხო ძალამ, მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა, რუსეთმა ჩაახშო ის სულისკვეთება, რაც იყო ჩვენი ხალხის და საზოგადოების დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის სწრაფვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ეს დღე ყველას ეკუთვნის, ერს და ბერს, ყველა თაობას და 9 აპრილის მემორიალთანაც მოიძებნება ადგილი ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა.

„სწორედ ამიტომ არის დასანანი ის სიძულვილის ენა, ის ექსტრემიზმი, რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს 9 აპრილის მემორიალთან. ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და 9 აპრილის გმირები. ეს არ არის ის მომავალი, რა მომავალიც ჩვენს თაობას ჩვენი ქვეყნისთვის წარმოგვიდგენია. პირიქით, ჩვენი სურვილია, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ყველამ ერთად აღვნიშნოთ. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველომ ეს დამოუკიდებლობა სისხლის ფასად მოიპოვა. წარსულის ამ ტრაგიკული გამოცდილების გამო ჩვენ ერთიორად ვუფიქრდებით თითოეულ ნაბიჯს, რომ არ მოგვიწიოს ქვეყნის ამ ტრაგიკულ წარსულში დაბრუნება. გონივრულად გავიაროთ თითოეული დაძაბული თუ რთული ისტორიული პერიოდი, რომ იმ ადამიანების, რომლებმაც სისხლი 9 აპრილს დაღვარეს, გმირული საქმე იყოს დაფასებული. ყველას აქვს უფლება, ამ გმირების წინაშე ვალი მოიხადოს და პატივი მიაგოს. ეს არის ადგილი ყველასთვის და არა იმ გაუაზრებელი თუ უაზრო სანახაობისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ. ისინი ამას აცნობიერებენ თუ არა, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რეალურად რა არის მათი პრიორიტეტები და ინტერესები. უცხო ქვეყნები, ეს არის მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და პრიორიტეტები“, – განაცხადა მახაშვილმა.

მსგავსი