ლევან მაისურაძე – ყველა ლოკაციაზე, სადაც უხვი ნალექის გამო იყო პრობლემები, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია, ვაგრძელებთ მუშაობას დარჩენილ მონაკვეთებზე აღდგენისთვის
ეფექტური, კოორდინირებული მუშაობის შედეგად ყველა ლოკაციაზე, სადაც იყო პრობლემები, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას დარჩენილ მონაკვეთებზე აღდგენისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
„უხვი ნალექიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისში მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული, ჩართულია შეტყობინებებზე რეაგირებაზე, მოქალაქეების დახმარებაზე. ასევე, კოორდინირებულად ვმუშაობთ ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალურ სამსახურებთან. უხვი ნალექის გამო მოძრაობის შეზღუდვა დავაწესეთ გარკვეულ მონაკვეთებზე, თუმცა ამ დროისთვის შეზღუდული მოძრაობა რჩება: გმირთა მოედნის ნაწილობრივი შეზღუდვა, ასევე ახალ გზაზე, წერეთლისა და ერისთავის კვეთაზე. ეფექტური, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ყველა ლოკაციაზე, სადაც იყო პრობლემები, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას დარჩენილ მონაკვეთებზე აღდგენისთვის“, – განაცხადა ლევან მაისურაძემ.