ლევან მაისაშვილი -  ვეცდებით თამაში ვმართოთ და შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი დავიჭიროთ
ლევან მაისაშვილი - ვეცდებით თამაში ვმართოთ და შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი დავიჭიროთ

„შემოდგომის ერთა თასის“ პირველ შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ „ექვსი ერის“ მოქმედ ჩემპიონ ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრები ინგლისში ჩავიდა, გუშინ ლეგიონერების ჯგუფიც შეუერთდა და გუნდი ტურნირის პირველი მატჩისთვის მზადებას გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ სრული შემადგენლობით განაგრძობს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს ონლაინ რეჟიმში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოგზაურობის და კორონავირუსის შედეგად დაწესებული რეგულაციების გამო შეცვლილ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება:

ჩამოვედით და კარგად მოვეწყვეთ. პირობები არის ძალიან კარგი. მზადება მიდის, დაგეგმილი კვირის გაცნობა და ა.შ. გარკვეულწილად, არატიპური კვირაა – ორშაბათს და სამშაბათს კონტაქტურად ვერ ვვარჯიშობთ, რადგან კოვიდის ტესტების პასუხები მხოლოდ ოთხშაბათს გვეცოდინება. მაგრამ ამ პერიოდს ვიყენებთ ტაქტიკის, თეორიული ნაწილის – როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, აუტში და სხვა კომპონენტებში გაცნობისთვის. ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და შემდეგ ორი სრული სავარჯიშო დღე გვექნება.

მერაბ შარიქაძემ მოსამზადებელი კვირის გეგმაზე და კალენდრით განპირობებულ სირთულეებზე ისაუბრა:

ყველა მოთამაშეს სჭირდება, რომ იცოდეს გუნდის სათამაშო გეგმა, სტილი და მიმართულებები. ამ ორ დღეს მწვრთნელები სწორედ იმისთვის გამოიყენებენ, რომ ყველას ან გაგვახსენონ, ან უკეთ შეგვასწავლონ ის გეგმები, რომლებიც ინგლისთან თამაშისთვის გვექნება. შოტლანდიასთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ საფრანგეთში მოასპარეზე მორაგბეები კლუბებში დაბრუნდნენ და ახლა ყველა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მორგებულ სისტემებზე უნდა გადმოვერთოთ.

რა თქმა უნდა, როგორც უცხოელმა, ისე ქართველმა ჟურნალისტებმა დასვეს კითხვა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის გეგმაზე, რომ „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ ცხრა მორკინალით ეთამაშა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა განაცხადეს, რომ ეს გუნდის ტაქტიკურ მონახაზს არ ცვლის.

ლევან მაისაშვილი: ედი საუკეთესო მწვრთნელია – ეს ფაქტია და მისი მეტოქეობა დიდი გამოწვევაა, ისევე როგორც ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. ეს რთული, მაგრამ კარგია მოთამაშეებისთვის და ჩემთვისაც. რაც შეეხება იმას, მოედანზე ცხრა მორკინალით ითამაშებს ინგლისი, თუ რვით – ეს ერთგვარი ტაქტიკა შეიძლება იყოს, მაგრამ გუნდის სიტუაციიდან გამომდინარე არ მგონია დიდი სხვაობა მოგვცეს ჩვენ ამან. ვიცით, რას შემოგვთავაზებს ინგლისი და არ არის კითხვის ნიშნები. ინგლისი უმაღლესი დონის გუნდია – გამოირჩევიან ფიზიკურობით, ტაქტიკურ მონახაზს მიჰყვებიან და ფეხით თამაშისას კარგად იგებენ ტერიტორიას, გამოდიან კრიტიკული ზონებიდან. ინგლისელები პრაგმატულ, მაღალი ხარისხის რაგბის თამაშობენ. ჩვენ ვეცდებით თამაში ვმართოთ და ბალანსი დავიჭიროთ, როგორც შეტევას, ისე დაცვას შორის. თუ რამდენი მორკინალით გვეთამაშებიან, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მერაბ შარიქაძე: 2015 წლის მსოფლიო თასამდე იაპონიასთან გამართულ ტესტმატჩში ზუსტად იგივე ვითარება იყო. სიმართლე რომ ვთქვა, რამე განსხვავება არ შეუტანია ამას თამაშში. ხანდახან ხაზის მოთამაშე შერკინების ნებისმიერ მოთამაშეზე ძლიერი შეიძლება იყოს. შესაძლოა, რომ თავად იმ გუნდისთვის, სადაც მორკინალების სხვა რაოდენობაა, რამე იცვლება, მაგრამ ჩვენთვის არაფერი.

პრესკონფერენციის მიწურულს „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებული მორაგბეების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მორაგბეების დაზიანებები სერიოზული არ არის:

ტრავმირებულ მორაგბეებს სამედიცინო მონიტორინგი უკვე ჩაუტარდათ. ხვალ და ზეგ მეტად გვექნება მათ მდგომარეობაზე პასუხი. სახიფათო ტრავმა არც ერთი არ არის, თუმცა საყურადღებოა და ჯერ-ჯერობით არ გვაქვს საბოლოო შედეგები. ალანია, სავარაუდოდ, ამ კვირაში ვერ შეძლებს თამაშს, რადგან ტვინის შერყევა აქვს და დაკვირვება ხდება მასზე. ჯავახიას მხრის ტრავმა აქვს, რომელიც რთული არ არის, მაგრამ უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ როგორ დაექვემდებარება მკურნალობას.