ედი ჯონსი „ბორჯღალოსნებთან“ თამაშს ცხრა მორკინალით აპირებს - ქართველები ჭიდაობის მამები არიან
ედი ჯონსი „ბორჯღალოსნებთან“ თამაშს ცხრა მორკინალით აპირებს - ქართველები ჭიდაობის მამები არიან

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წინააღმდეგ გასამართი „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ ამ დაპირისპირებაში ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს და მოედანზე ცხრა მორკინალი ეყოლება. ჯოუნსის აზრით, საქართველოს წინააღმდეგ უკანახაზში ღონიერი მორაგბე არ აწყენს. მსგავსი ტაქტიკა მან „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ ერთხელ უკვე გამოიყენა – როდესაც ავსტრალიელი იაპონიას წვრთნიდა, მან ფრთაზე მესამეხაზელი ჰენრიკ ტუი ათამაშა.

ბრიტანულ პრესაში ვარაუდობენ, რომ ინგლისის ნაკრები „ბორჯღალოსნებს“ მარტივად დაამარცხებს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მასპინძლებს პრობლემა თამაშის კონტაქტურ კომპონენტებში შეექმნათ. სწორედ ამას ითვალისწინებს ედი ჯონსი, რომელიც ე.წ. „ჰიბრიდი“ მოთამაშის გამოყენებას აპირებს.

„ქართველები ჭიდაობის მამები არიან. მათთვის მამაკაცურობას და ფიზიკურ ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო თხუთმეტეულში დომინანტი შერკინების წყალობით მოხვდა. მათ უკანახაზელებიც ღონიერები ჰყავთ და კონტაქტურ შეხვედრას ველით. მახსოვს, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის წინ მათთან ცხრა მორკინალით და ექვსი უკანახაზელით ვითამაშე – ქართველების შერკინება ამდენად ძლიერია. ახლაც იგივეს ვფიქრობ – ოლი თორლი, ბენ ერლი… კიდევ რამდენიმე მორაგბეა, რომელსაც როგორც შერკინებაში, ისე უკანახაზში შეუძლია ასპარეზობა – ე.წ. „ჰიბრიდი“ მოთამაშეები. ტრადიცია გვასწავლის, რომ მოედანზე შვიდი უკანახაზელი და რვა მორკინალი უნდა გყავდეს, მაგრამ როდესაც 2009 წელს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა, კატალონიურ კლუბში ცრუ ცხრიანი თამაშობდა. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მსგავსი მონახაზები რაგბიშიც არ გამოვიყენოთ და შემადგენლობაში ცრუ 10 ნომერი, ან გარემარბი დავაყენოთ. მსგავს იდეებს სერიოზულად ვეკიდებით და შესაძლოა, რომ საქართველოსთან მატჩში გამოვცადოთ,“ – განაცხადა ჯოუნსმა.