ლევან მაისაშვილი - რაგბი ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ჩვენი მიზანი მსოფლიო თასისთვის მზადებაა #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - რაგბი ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ჩვენი მიზანი მსოფლიო თასისთვის მზადებაა #1TVSPORT

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ესპანეთთან მოგებული (41:3) მატჩი შეაფასა და რუმინეთთან მომავალ თამაშზე ისაუბრა:

„წელს ეს ჩვენი გუნდის მესამე თამაში იყო და ლოგიკურია, რომ კარგი ხარისხი ვაჩვენეთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ გუნდს გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება. ერთადერთი, რითიც უკმაყოფილო დავრჩი, დისციპლინაა, ამ კუთხით სამუშაო გვაქვს. რაგბი ევროპაზე მსაჯები ჩვენ მიმართ რატომღაც გადამეტებულ სიმკაცრეს იჩენენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ემოციების მართვა. უფრო მაღალი დონის გუნდი ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს.

ესპანეთთან რაც დავგეგმეთ, შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე გადახალისებული შემადგენლობით დაგვიხვდა, ის ჩვენთვის მუდამ იყო და რჩება სახიფათო მოწინააღმდეგედ. ესპანელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან, მაგრამ ჩვენ მათ წარმატების არანაირი შანსი არ დავუტოვეთ, რაც კმაყოფილების საბაბს ნამდვილად იძლევა“, – ამბობს მაისაშვილი

საქართველოს ნაკრებისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპიცაა:

„ვცდილობთ, ეს პერიოდი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ამიტომ პირველი ორი კვირა თამაშისთვის არატიპური დატვირთვები გვქონდა. თანამედროვე რაგბი ისეთ დონეზეა, ფიზიკურად თუ არ მოემზადე, შესაძლოა, ტემპს და დატვირთვებს ვერ გაუძლო. ჩვენი მიზანი, რაგბი ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, მსოფლიო თასისთვის მზადებაა, რაც ადვილი არ არის“.

ესპანეთთან შეხვედრის დასკვნით ნაწილში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა მისი დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ მერაბს მოედნის დატოვება არ უნდოდა, არ გავრისკეთ და შარიქაძე გავიყვანეთ. თამაშის ბოლოს 12 კაცით არ დავრჩებოდით, რომ არა მსაჯის უცნაური გადაწყვეტილება, რომელმაც გატანილი ლელო გააუქმა და მოედნის ცენტრში ჯარიმა დანიშნა, თანაც სერგო აბრამიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენა, არადა, ის ამ ეპიზოდთან საერთოდ არ იყო კავშირში. ასევე საეჭვო იყო გელა აფრასიძის სინბინი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ესპანელების დარღვევებზე მსაჯი თითქმის არ რეაგირებდა“.

მას შემდეგ, რაც პორტუგალიამ რუმინეთი 38:20 დაამარცხა ცხადი გახდა, რომ 5 მარტს, ნახევარფინალში, რუმინეთს ვუმასპინძლებთ:

„რუმინეთთან ნახევარფინალური მატჩისთვის კვირიდან შევიკრიბებით. მანამდე მოთამაშეები გუნდებში გავუშვით. თამაშისთვის მოსამზადებლად სრული კვირა არ გვექნება, პირველი ორი დღე ადაპტაციასა და აღდგენას დაეთმობა. ასეთი დატვირთვებისა და მგზავრობის შემდეგ, ენერგიის აღდგენა ადვილი არ არის. მომავალი თამაშებისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებებიც გვქონდეს“.