ლევან მაისაშვილი - ესპანეთთან ვითამაშებთ პრაგმატულად და როგორც კი თავდაჯერებულობას მოვიპოვებთ, შეგვეძლება ექსპერიმენტების განხორციელება #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - ესპანეთთან ვითამაშებთ პრაგმატულად და როგორც კი თავდაჯერებულობას მოვიპოვებთ, შეგვეძლება ექსპერიმენტების განხორციელება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა პორტუგალიის ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით 29:16 დაამარცხა. შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 14 მარტს გამართავენ, მოსამზადებელ ეტაპს ჩვენი ნაკრები ლისაბონში, ადგილობრივ სპორტულ ბაზაზე გაივლის, პარასკევს მადრიდში გაემგზავრება.

„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის განცხადებით, გუნდში სერიოზული ტრავმა არცერთ მორაგბეს არ აწუხებს.

„სერიოზული ტრავმები არ გვაქვს, თუმცა ორი მოთამაშე ლიმიტირებულად ვარჯიშობს და შეძლებენ თუ ვერა თამაშს, კვირის განმავლობაში გაირკვევა. განრიგი ისე გვაქვს გაწერილი, რომ კვირის ბოლოს ყველა მოთამაშე საუკეთესო კონდიციაში უნდა იყოს.“

ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები უფრო პრაგმატულ რაგბს ითამაშებს და თავდაჯერებულობის მოპოვების შემდგომ ექსპერიმენტებსაც განახორციელებს.

„თამაშის მართვაზე ბევრს ვმუშაობთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რაც პორტუგალიასთან თამაშშიც გამოჩნდა. პრობლემები გვქონდა დაცვაში დისციპლინის კუთხით, ასევე ფეხით თამაშში და საჰაერო ორთაბრძოლებისას. ტაქტიკურად რამდენჯერმე არასწორად შესრულდა დარტყმა და ამან წნეხში მოგვაქცია. ვეცდებით დავხვეწოთ შეტევითი სქემები. ვითამაშებთ პრაგმატულ რაგბს და როგორც კი თავდაჯერებულობას მოვიპოვებთ, შეგვეძლება ექსპერიმენტების განხორციელება“.

მაისაშვილის თქმით, ესპანეთის ნაკრების თამაში „ბორჯღალოსნებისათვის“ უცხო არ არის.

„ესპანელების თამაში ჩვენთვის უცხო არ არის. მთავარი ისაა, ჩვენ რას დავუპირისპირებთ. ისინი დაცვაში სწრაფად ამოდიან და მოწინააღმდეგისთვის სივრცის შეზღუდვას ცდილობენ, თუმცა ამას მინუსებიც აქვს. ხშირად რჩება ხვრელები, რისი გამოყენებაც უნდა შევძლოთ, ასევე რჩება სივრცეები და მათ გამოყენებაზე ვმუშაობთ. ვთვლი, რომ შეჯგუფებებში მათთანაც დომინანტები ვიქნებით და ეს უნდა გამოვიყენოთ. მეტოქეს სწრაფი მორაგბეები ჰყავს და შარშან მოლით ორი ლელოც დაგვიდეს. ვფიქრობ, ისინი ახლაც ეცდებიან დერეფნიდან მოლით შემოგვიტიონ“.

„ბორჯღალოსნებისა“ და ესპანეთის ნაკრების შეხვედრა 14 მარტს, კვირას გაიმართება.

წყარო: Rugby.ge