ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩი შეაფასა - საბოლოო ჯამში, დასახულ მიზანს მივაღწიეთ #1TVSPORT
ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩი შეაფასა - საბოლოო ჯამში, დასახულ მიზანს მივაღწიეთ #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ეგიდით თავისი პირველი შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და პირველ ტაიმში დამარცხების მიუხედავად, მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 29:16 დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ 5 ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს.

მატჩის შემდგომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია.

„თამაში მოვიგეთ და დაგეგმილი 5 ქულა ავიღეთ. მართალია იყო პერიოდულად ნერვიულობები, მაგრამ ეს გამოწვეული იყო შეცდომებით. ჩვენ ვთქვით კიდევაც თამაშის წინ, რომ ვცდილობთ ერთა თასზე გავაკეთოთ ექსპერიმენტები, რომლებიც სადღაც ამართლებენ, სადღაც კი ვერა. მაგრამ მთლიანად რომ შევაჯამოთ, შედგა ორი ახალგაზრდა მოთამაშის დებიუტი, გაკეთდა ბევრი ცვლილება და დასახულ მიზანს, რაც იყო სტუმრად თამაშის მოგება ბონუს ქულით, მივაღწიეთ.“

ქართველმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მატჩის მიმდინარეობისას აქცენტი გააკეთეს იმ სათამაშო ასპექტებზე, რაშიც ჩვენს ნაკრებს აშკარა უპირატესობა ჰქონდა.

„მატჩის დებიუტში შეტევის კარგი შესაძლებლობები იყო. არ ვზღუდავთ გუნდს, რომ ჩვენი ნახევრიდან ან თუნდაც ჩვენი 22-დან შევუტიოთ. თუმცა, როცა ვერ ვასრულებთ პროცესს მნიშვნელოვანია გადაწყობა და თამაშის მართვა. მოხდა ისე რომ დისციპლინაში თავიდანვე ემოციური შეცდომები დავუშვით და საბოლოო ჯამში, ყვითელი ბარათით გაგვიგდეს მოთამაშე, რამაც წნეხში მოგვაქცია და აქედან გამომდინარე შევცვალეთ ტაქტიკა და ისეთ პროცესზე გადავედით, რაშიც უპირატესობა გვქონდა, ეს იყო შეჯგუფებები და მოლი. თავდაჯერებულობა მოდის მაშინ, როცა ანგარიშში წინ ხარ და აქედან გამომდინარე არჩევანი გავაკეთეთ იმაზე, რაშიც აშკარა უპირატესობა გვქონდა.“

შეხვედრის შესახებ „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემაც ისაუბრა.

„საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შევძელით. ბევრი რაღაცები კვირის განმავლობაში შეიცვალა, თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერი ძალიან კარგისკენ წავა და ამ თამაშიდანაც ბევრი პოზიტიურის პოვნა შეიძლება. რაც შეიძლება გადაწყვეტილებებს კარში დარტყმასთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრად ვჯობდით მათ ძალისმიერ თამაშში და გვინდოდა ეს გამოგვეყენებინა, რაც ძირითად შემთხვევებში მოვახერხეთ, ასევე გვინდოდა უფრო დამაჯერებელი ანგარიში დაგვეფიქსირებინა და ეს იყო ამის მიზეზი.“