ლევან მაისაშვილი ესპანეთთან შეხვედრაზე - ასეთი მატჩებიდან მოთამაშეები იზრდებიან #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი ესპანეთთან შეხვედრაზე - ასეთი მატჩებიდან მოთამაშეები იზრდებიან #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთი 25:19 დაამარცხა და „რაგბი ევროპის ჩემპიონატში“ მორიგი ქულები მოიპოვა. შეხვედრის შესახებ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად შეცდომებისა ნაკრებმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და პირველივე წუთებზე შევძელით ქულების აღება. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მალევე მივიღეთ საპასუხო ლელო. თამაშის განმავლობაში როცა უპირატესობას ვიღებდით უკანვე გვეწეოდა ჩვენივე შეცდომები, თუმცა ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ესპანეთის ნაკრები გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე პორტუგალია, ასე რომ, რაც იყო დაგეგმილი, სტუმრად მოგება, შევასრულეთ. კარგი იქნებოდა, ბონუს ქულით მოგვეგო შეხვედრა და ლელოს თუ დავდებდით ამას მოვახერხებდით, თუმცა ბოლოს რთული თამაში გამოვიდა“, – აღნიშნა ქართველმა სპეციალისტმა.

მაისაშვილმა მოთამაშეების დისციპლინაზეც ისაუბრა.

„პირველ ტაიმში უფრო გონივრული თამაში იყო დისციპლინის კუთხით, მეორე ტაიმში კი ბევრი არასასურველი ჯარიმა ავიღეთ. თუმცა ამ ყველაფერზე ვმუშაობთ. ახალგაზრდები არიან გუნდში და მათი ემოცია სჭარბობს, ასეთი მატჩებიდან კი მოთამაშეები იზრდებიან და ემოციურადაც წყნარდებიან.“

შეხვედრის შესახებ „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც ილაპარაკა.

„იმისთვის, რომ გუნდი განვითარდეს ყველა უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები. შეიძლებოდა უკეთესი თამაში გვეთამაშა, გვქონდა კარგი მომენტები, საიდანაც ზოგის გამოყენება შევძელით, უმეტესობა კი ვერ გამოვიყენეთ. რაც ნაკრებში ვარ, არ მახსოვს ამ სტადიონზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ადვილად და უბრძოლველად მოგვეგო. ვთვლი, რომ ესპანეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია „რაგბი ევროპის ჩემპიონატში“ და დარწმუნებული ვარ ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება მათთან მოგება. მთავარია გავიმარჯვეთ, წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს და აქედან დადებითი რაც იყო უნდა წავიღოთ, ხოლო უარყოფითზე კი უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ.“