ლევან მაჭავარიანი - ყველამ ვიხილეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როცა მდიდარი „ენჯეოები“ თავიანთ აქტივისტებს მეტი ძალადობისთვის აფინანსებდნენ, პროკურატურა ყველაფერს პასუხს გასცემს
ნოემბრის აქციებს თუ გადავხედავთ, ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“ თავიანთ აქტივისტებს აფინანსებდნენ, რათა მეტი ძალადობა ყოფილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდა დანაშაულის ირიბი წახალისება.
„აწვდიდნენ ე.წ. შეიარაღებას თავისი პიროტექნიკით, „მოლოტოვის კოქტეილებით“, აალებადი ნივთიერებებით და ა.შ. სახელმწიფოს დამხობისკენ მოუწოდებდნენ. ამის შემდეგ მათ აგულიანებდნენ, რომ ჯარიმებსაც ისინი გადაუხდიდნენ, თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები იქნებოდნენ. ირიბად ახალისებდნენ, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტი დანაშაული ჩაედინათ. რა თქმა უნდა, აქ იკვეთება საბოტაჟის მცდელობა და, შესაბამისად, პროკურატურა ყველაფერზე პასუხს გასცემს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, ლევან მაჭავარიანის თქმით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მსგავსი განცხადებები, უკვე რამდენიმე წელია, ესმით.
„პირველად როცა დავაინიცირეთ გამჭვირვალობის ქართული უმარტივესი კანონი, მაშინაც მდიდარი „ენჯეოების“ მხრიდან, ვინც იმ დროს ისტერიკა ატეხა, ერთ-ერთი არგუმენტი იყო – „ჩვენი განადგურება სურთ“. ამ კანონის მიღების შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რაც მათთვის რეალური თავის ტკივილია, არის ის, რომ შავი ფული, რომელიც მათ ხელში ტრიალებდა და რომელიც აბსოლუტურად უკონტროლო იყო, კონტროლირებადი ხდება. შესაბამისად, ისინი ვეღარ მოახმარენ თანხებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, და ისეთი ტიპის პროპაგანდას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის აბსოლუტურად საწინააღმდეგოა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. უწყების განმარტებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.