ლევან მაჭავარიანი – თაზო დათუნაშვილის რამდენიმეწამიანი ვიდეო მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტიის, „ლელოს“ ზნეობრივ უფსკრულს
თაზო დათუნაშვილს ვუსურვებ, მთელი თავისი აგენტურული პარტიის შემადგენლობას საქართველოსთვის იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს, რაც თენგიზ შარმანაშვილმა უკვე მოახერხა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც დათუნაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.
კერძოდ, თაზო დათუნაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: „იქითა მხარეს, თუნდაც ის მიზეზი, რა მიზეზზეც ზეზეული გვამი შარმანაშვილი ლაპარაკობს … თურმე კაცი ყოფილა შარმანაშვილი. ესეც ახლა გავიგე, რომ კაცი, ქართველი ყოფილა და შეურაცხყოფას ვერ ითმენს თენგიზა შარმანაშვილი. გინება თუ იყო, თურმე მაშინ მოსულა, რომ 15 კაცი უმოწყალოდ გაგლახავს, ჩაგქოლავს, მიწასთან გაგასწორებს და ეგ არ არის დანაშაული. მზია ამაღლობელის ამბავი დანაშაულია და 15 კაცი რომ ცემს, ეს არ არის დანაშაული. შარმანაშვილი არის პოლიტიკური არარაობა. კაცობაზე რომ ლაპარაკობს, ერთი ფაქტი მითხარით, სად გამოიჩინა ვაჟკაცობა ან კაცობა თენგიზ შარმანაშვილმა“.
ლევან მაჭავარიანის შეფასებით, „ეს რამდენიმეწამიანი ვიდეო მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტიის, „ლელოს“ ზნეობრივ უფსკრულს“.
„პარტიისთვის, რომელიც დავალებების მისაღებად ელჩებთან დარბის, რომელიც მჭიდრო კოალიციაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც წერილობით ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას და რომლის თავმჯდომარეც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი დოლარის ჯიბეში ჩადებას გეგმავდა, რა თქმა უნდა, მორალური საზღვრები არ არსებობს. ახალგაზრდა, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ასრულებს იმ აგენტურულ დავალებებს, რომლებსაც მის ხელმძღვანელობას გარე ძალები აძლევენ, ასეთი ბინძური ლექსიკით საუბრობს მამის ტოლა კაცზე — პატრიოტზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხში პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული; კაცზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში; კაცზე, რომელიც ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი გახლდათ და კაცზე, რომლის თანაგუნდელობაც ჩემთვის საამაყოა. ბატონ თაზოს კი ვუსურვებ, მთელი თავისი აგენტურული პარტიის შემადგენლობას საქართველოსთვის იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს, რაც ბატონმა თენგიზმა უკვე მოახერხა“, – წერს ლევან მაჭავარიანი.