ლევან მაჭავარიანი - საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სამწუხარო პროცესები მიმდინარეობს, არხის ბულინგში „ფორმულას“ წამყვანები იყვნენ ჩართული, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რამეზე ხმა ამოიღონ
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სამწუხარო პროცესები მიმდინარეობს. ეს ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ლუსტრაციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, „არხის წინააღმდეგ ბულინგში „ფორმულას“ წამყვანები იყვნენ ჩართული, რომელთაც არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რამეზე ხმა ამოიღონ“.
„ვისაც ეთერი დაუთმეს, ფაქტობრივად, პირად პრობლემებზე ისაუბრეს. კარგი დღე იყო, რადგან ეთერს ბევრმა მოქალაქემ უყურა და თავიანთი თვალით იხილეს, როგორი აქტივისტები არიან რადიკალურ ოპოზიციაში. რიგითი აქტივისტები არ არიან, ისინი არიან აქტივისტების ავანგარდში მყოფი აქტივისტები. არხის წინააღმდეგ ბულინგში „ფორმულას“ წამყვანები იყვნენ, რომელთაც არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, საერთოდ რამეზე ხმა ამოიღონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ამასთან, როგორც ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პირველი არხისა და „იმედის“ ჟურნალისტებზე ზეწოლას დიპლომატები არ გამოხმაურებიან და არ დაუგმიათ.
„ჟურნალისტებზე თავდასხმას რაც შეეხება, ჯერ მეგი ნარსავიძის წინააღმდეგ ვიხილეთ ყოვლად ამორალური ქცევა. რა განსხვავებაა ფიზიკური თუ ასეთი სახის ზეწოლა იქნება? გუშინ პირველი არხის ჟურნალისტზე უკვე ფიზიკური ზეწოლაც იყო. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერზე არანაირი გამოხმაურება არ არის არც დიპლომატებისგან და არც სხვისგან, ყველა დადუმებულია და ამ საქციელს არ გმობენ. ეს მიუთითებს, რომ, სამწუხაროდ, ისინი მიკერძოებული არიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს პირველ არხთან გამართულ აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი და ნინია კაკაბაძე პირველი არხის ჟურნალისტს, სალომე ქოქიაშვილს დაუპირისპირდნენ. ტელევიზიის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირველმა არხმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა: „პირველი არხის ჟურნალისტები განიცდიან არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება. კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა“.