ლევან მაჭავარიანი – საქმე როდესაც საერთაშორისო სასამართლოებს ეხება, ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ფაქტობრივად ანგარიში ასით ნულია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ
„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში პირდაპირ გადატანილი იყო კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსი, შემდეგ ამ ფურცელზე ხელი მოაწერა ადამიანმა, ვინც პოლონეთის მთავრობისგან დავალებებს იღებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმი“ რეკომენდაციის გასაცემადაა შექმნილი და არა რაღაცა გადაწყვეტილების მისაღებად ან აღსასრულებლად.
„ხაზგასასმელია, რომ ეუთო-ს წევრია 57 ქვეყანა და დასკვნის ავტორი, ჯამში ,დაახლოებით 40 პროცენტამდე იყო, ამასთან აშშ არ იღებს მონაწილეობას ამ ცირკში, ისევე როგორც ჩვენი ჩვენი მეზობლები: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. ძირითადად ის ქვეყნები იღებენ ამ ცირკში მონაწილეობას, რომელთა წევრი ბიუროკრატების მხრიდან ზუსტად ანალოგიურს ვართ მიჩვეულები, დეზინფორმაციის გავრცელება და ასე შემდეგ. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს ქალბატონი, რომელიც თითქოსდა ამ ყველაფრის ავტორი გახლდათ, სულ რაღაც ორი დღით იმყოფებოდა და რამდენიმე დღეში გაეცნო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას და ჩამოაყალიბა ამხელა დასკვნა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ეს ტექსტი უკვე დაწერილი იყო. ზუსტად იგივე მესიჯბოქსი, ზუსტად იგივე დღის წესრიგი, რაზეც რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, ამ ყველაფერში იქნა გადმოტანილი ერთადერთი მიზეზით, რომ როდესაც ეს გამარგინალებული ჯგუფები ესაუბრებიან თავიანთ „ბაბლს“, უკვე დამაჯერებლებიც აღარ არიან, ამიტომ მიაწოდეს დამატებითი ჟანგბადი.
აღმოჩნდა, რომ უშუალოდ ეს ქალბატონი პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირია, ფაქტობრივად მათი თანამშრომელია. ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს. მათი მხრიდან ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ყვაოდა, მაშინ როცა “ქართულ ოცნებას” დემოკრატიას უწუნებენ. შესაბამისად, ლოგიკური ჯაჭვი აწყობილია, ყველაფერი უკვე გამზადებული იყო, პირდაპირ გადატანილი იყო კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსი ფურცელზე და შემდეგ ამ ფურცელზე ხელი მოაწერა ადამიანმა, ვინც პოლონეთის მთავრობისგან დავალებებს იღებდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის საფუძველზე საქმე, შესაძლოა, ჰააგის სასამართლოს გადაეცეს, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო სასამართლოებში თავს კომფორტულად გრძნობს.
„პირადად მე ამისი მოლოდინი არ მაქვს. ეს მექანიზმი რეკომენდაციის გასაცემადაა შექმნილი და არა რაღაცა გადაწყვეტილების მისაღებად ან აღსასრულებლად. საქმე როდესაც საერთაშორისო სასამართლოებს ეხება, თუ რამე საკითხია სადავო ნებისმიერ აქტორთან ქვეყნის შიგნით ან გარეთ, ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ასით ნულია ანგარიში.
თვითონ ამ ანგარიშში „კამიტის“ ზღაპარზე იყო ხაზი გასმული და ფაქტობრივ უზუსტობებთანაც გვაქვს საქმე. ანგარიში თითქოსდა მიგვითითებს, რომ რაღაცა საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს, როდესაც გამოძიება საქართველოში დასრულებულია. ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებას შევახსენებ ყველას, რომ ჩვენ ღია ვართ, ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუტს შეუძლია, ჩამობრძანდეს, ყველა საგამოძიებო მასალას გავუზიარებთ. ესეც არის შანტაჟის ერთ-ერთი გზაა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ეფექტურია, აბსოლუტურად არანაირ შედეგს არ გამოიღებს, ისევე როგორც რეზოლუციები, პირდაპირი მუქარები და წნეხი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.